ახალი ამბები

მინისტრთა კაბინეტი – საჭირო გამოსავალი თუ მორიგი ბლეფი?

კომენტარები: დათო ზურაბაშვილი აკაკი ასათიანი კობა დავითაშვილი ია ანთაძე

მინისტრთა კაბინეტის თემამ პირველად 1998 წლის ზაფხულში საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტში გაიჟღერა. მთავრობის ერთიანი გადადგომისა* და ახალი მთავრობის დაკომპლექტების პარალელურად უმრავლესობამ არსებული მოდელის ავკარგიანობაზე დაიწყო ფიქრი. მთავრობის მოწყობის ამერიკული სისტემის ევროპული მინისტრთა კაბინეტით ჩანაცვლების შესაძლებლობაზე პარლამენტში დებატები გაიმართა, თუმცა ეს დებატები მალე თავისითვე ჩაცხრა.

ოდნავ მოგვიანებით, 1999 წლის დასაწყისისათვის ფრაქცია მოქალაქეთა კავშირის მაშინდელი თავჯდომარის მიხეილ სააკაშვილისა და უმრავლესობის ეგრეთ წოდებული “რეფორმატორული” ფრთის ინიციატივით საკონსტიტუციო ცვლილებებზე უკვე სერიოზულად დაიწყო მსჯელობა. მინისტრტა კაბინეტის შემოღების იდეას თავდაპირველად პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც გამოეხმაურა. მოქკავშირის “ახალგაზრდულ-რეფორმატორული” ფრთა გუნდური პასუხიმგებლობის მქონე მინისტრთა კაბინეტს მოითხოვდა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებისაგან და სხვადასხვა პარტიული ნიშნითაც კი დაკომპლექტებული მთავრობა.

უმრავლესობის შიგნით ამ საკითხის გარშემო წამოჭრილი დებატები პრეზიდენტის ერთმა ფრაზამ გადაწყვიტა. ედუარდ შევარდნაძემ საბოლოოდ განაცხადა, რომ არსებულ მოდელს (რომელშიც იგი მთავრობის ფორმირების დღეანდელ მოდელს გულისხმობდა) არ ამოუწურავს თავისი თავი და ჯერ ადრე იყო მინისტრთა კაბინეტზე გადასვლა. პრეზიდენტმა თავისი განწყობა პარლამენტისადმი ყოველწლიურ მოხსენებაშიც დააფიქსირა, სადაც განაცხადა, რომ ყველა არსებული პრობლემისა და ხარვეზის მოგვარება არსებულ სისტემაშიც სავსებით შესაძლებელია.

ახალი მოწვევის პარლამენტში ამ საკითხის ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია “ტრადიციონალისტი” იყო (თუმცა მოქალაქეთა კავშირის მტკიცებით, საკითხის დასმის ინიციატორებს თავად ისინი წარმოდგენენ, ხოლო ტრადიციონალისტები უბრალოდ უფრო ადრე მოითხოვდნენ მას). 2000 წლის შემოდგომაზე ტრადიციონალისტებმა პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტის შომოღებისა და შესაბამისად საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის დასასმელად დეპუტატებს შორის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.** ტრადიციონალისტების ინიციატივაზე ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ აღორძინებამ არ მოაწერა ხელი. ინიციატივას ხელს აწერდნენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც, თუმცა პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ უმრავლესობის 40-მა წარმომადგენელმა თავისი ხელმოწერა უკანვე გაიწვია. საბოლოოდ საკანონმდებლო ინიციატივის შესატანად საჭირო 118 ხმის შეგროვება ტრადიციონალისტებმა ვერ მოახერხეს.

მინისტრთა კაბინეტის თამა ყველასაგან მოულოდნელად 2001 წლის გაზაფხულზე დღის წესრიგში თავად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დააყენა. მინისტრთა კაბინეტის შემოღების სურვილი შევარდნაძემ ფრაქციის საბჭოს სხდომაზე გამოთქვა. საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე გაკეთებული შევარდნაძის განცხადება საეჭვოდ დაემთხვა ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ეძღვნებოდა.***

ოდნავ მოგვიანებით, 2001 წლის 30 აპრილს ჟურნალისტებისათვის გამართულ ორშაბათის ბრიფინგზე პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი საკონსტიტუციო ცვლილებების, კერძოდ კი მინისტრთა კაბინეტის შემოღების თაობაზე პარლამრენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას აპირებდა. პარლამენტისათვის კანონპროექტის წარდგენის ოფიციალურ ვადად 8 მაისი, სამშაბათი განისაზღვრა (ამ დღეს პრეზიდენტს პარლამენტის წინაშე ტრადიციული წლიური მოხსენება უნდა გაეკეთებინა). შევარდნაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების სესახებ კანონპროექტი პარლამენტს დაგვიანებით 12 მაისს, შაბათს წარუდგინა.

პრეზიდენტის კანონპროექტმა პარლამენტარების აღშფოთება გამოიწვია. უმცირესობამ (ოპოზიციამ) და უმრავლესობის გარკვეულმა ნაწილმა კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა და იგი პარლამენტის უფლებამოსილების სერიოზული შეზღუდვის მცდელობად მონათლა. რის შემდეგაც ამ თემის გარშემო პარლამენტში გაუთავებელი დებატები დაიწყო. პრემიერ მინისტრობის კანდიდატად პრეზიდენტმა პარლამენტის თავჯდომარე ზურაბ ჟვანია დაასახელა.

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით მაქსიმალურად იზრდება პრეზიდენტის და პარალელურად მცირდება პარლამენტის უფლებამოსილება, სუსტადაა წარმოდგენილი თავად პრემიერ მინისტრის ფიგურაც. შთაბეჭდილების შესაქმნელად საკმარისია მოვიყვანოთ კანონპროექტის სამი პუნქტი:

  1. “თუ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პრემიერ მინისტრის კანდიდატურები სამჯერ უარყო, პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ მინისტრს, დაითხოვს პარლამენტს და ნიშნავს ახალ არჩევნებს.” (მუხლი 80, პუნქტი 5)
  2. “იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, პრეზიდენტი ერთი კვირის განმავლობაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს ახალ არჩევნებს” (მუხლი 811, პუნქტი 2).
  3. `თუ პარლამენტმა ვერ მოახერხა ბიუჯეტის მიღება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე პრეზიდენტი კანონის ძალის მქონე დეკრეტით ამტკიცებს ბიუჯეტს და შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი~(მუხლი 812, პუნქტი 6, ქვეპუნქტი `ე~).

ორთვიანი საპარლამენტო დებატებისა და პოლიტიკური ვაჭრობის ფონზე საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებმა საკონსტუტუციო ცვლილებების შესახებ კონსენსუს ვერ მიაღწიეს. საბოლოოდ ისევ პრეზიდენტ შევარდნაძის ინიციატივით ამ საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით (სავარაუდოდ შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე) გადაიდო.

პრეზიდენტის მიერ მინისტრთა კაბინეტის შემოღების ინიციატივამ, რომელმაც ორი თვის განმავლობაში მწვავე დებატები და კამათი გამოიწვია, და შემდეგ ამ ინიციატივის უკანვე გაწვევამ ბევრი კითხვა დაბადა საზოგადოებაში: რისთვის დასჭირდა ეს ნაბიჯი ედუარდ შევარდნაძეს?; ხომ არ იყო ეს ინიციატივა პრეზიდენტის მიერ “შემოგდებული” სატყუარა, რომლის უკანაც სხვა მიზნები იკვეთებოდა?; საერთოდ გვჭირდება თუ არა მინისტრთა კაბინეტი და რომელი მოდელია უკეთესი საქართველოსათვის? ამ სეკითხვებზე პასუხების გაცემას ჩვენი სტუმრები შეეცდებიან.

—————————-

* 1998 წლის ზაფხულში (აგვისტო) ბიუჯეტის შეუსრულებლობისა და რიგი საკითხების გამო მაშინ არსებულმა მთავრობამ სახელმწიფო მინისტრის ნიკო ლეკიშვილის ინიციატივით გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ლეკიშვილის განცხადებით ამ ნაბიჯის მიზანი იყო საშუალება მისცემოდა პრეზიდენტს თავისი სურვილისამებრ დაეკომპლექტებინა ახალი მთავრობა. პრეზიდენტის მიერ ახალი მთავრობის დაკომპლექტებას 6 მინისტრი და თავად ნიკო ლეკიშვილიც შეეწირა. ახალ სახელმწიფო მინისტრად ვაჟა ლორთქიფანიძე მოგვევლინა.

** საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საკონსტიტუციო ცვლილებების ოფიციალური განხილვისათვის (საკანონმდებლო ინიციატივის შეტანისათვის) აუცილებელია არსებობდეს პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტის მოთხოვნა, რაც 118 (და მეტი) დეპუტატის ხელმოწერას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივის შემოტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტსაც.

*** 2001 წლის 14 აპრილს ამერიკულმა გაზეთმა ვაშინგტონ პოსტმა გამოაქვეყნა სტატია (A Hერო ტო ტჰე ჭესტ, A Vილლაინ ატ Hომე) რომელიც ეძღვნება საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ სევარდნაძეს. სტატიაში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე, მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი აქტიური წევრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ შევარდნაძე დაბერდა და ვეღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

დათო ზურაბიშვილი. ა.ო. “თავისუფლების ინსტიტუტი”
ჩემ შეხედულებას რაც შეეხება მე საერთოდ არ მომწონს ეგრეთ წოდებული ევროპული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მინისტრთა კაბინეტს. მე ვთვლი, რომ ის სისტემა რაც ჩვენთან არის, მართალია არასრულყოფილი სახით ამერიკული სისტემის ანალოგი, არის უფრო კარგი და შესაფერისი ჩვენთვის და საქართველოს დღევანდელი მდგომარეობისათვის. ჯერ ეგ ერთი აქ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არის უფრო მკაფიო (სასამართლო ხელისუფლება მინისტრთა კაბინეტის მოდელში ცალკე არ არსებობს, ის არის აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი) გარდა ამისა აქ არის უფრო მეტი წონასწორობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის.

დღეს არსებულ მოდელს ნაკლად უთვლიან ორ რაღაცას: ერთი, რომ ხისტია და არ ითვალისწინებს პოლიტიკური მოტივებით მთავრობიდან ვინმეს გადაყენებას (ანუ პარლამენტი უნდობლობის ვოტუმს ვერ წაუყენებს მთავრობის წევრს) და მეორე თუ პარლამენტში მოვიდა ოპოზიციაA(ანუ თუ მოიპოვა უმრავლესობა) და პრეზიდენტი არის სხვა პარტიის წარმომადგენელი ისინი ერთად ვერ იმუშავებენ. არადა ეს მეორე ფაქტორი პირიქით უკეთესია, რადგან ამ შემთხვევაში სხვა გზა არა გაქვს უნდა მიხვიდე და საერთო ენა გამონახო ყველასთან. ამ მოდელში კომპრომისებისა და საერთო გადაწყვეტილებების უფრო ხელშემწყობი მექანიზმი იკვეთება.

მთავარ ნაკლად დღეს არსებულ მოდელს მაიც იმას უთვლიან, რომ არსად არ გაამართლა. ნუ პრინციპში არსადაც არ ყოფილა, მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, მემგონი მექსიკასა აქვს ანალოგიური, თუმცა იქაც საპრეზიდენტო ხელისუფლება ძალიან ძლიერია. როგორც წესი ყველგან არის უფრო ფრანგული მოდელი, სადაც პრეზიდენტი არის მთავარი და აღმასრულებელ ხელისუფლებაშია თავმოყრილი მთელი ძალა.

ჩვენი მთავარი ნაკლი არის ლიბერალური ტრადიციების უქონლობა, იგივე თუნდაც პარტიული მუშაობის ტრადიცია და ბევრი სხვა. აი ეს ევროპული მოდელი (მინისტრთა კაბინეტი) ბევრ წილად დგას სწორედ ამ ტრადიციებზე. იქ თავად მოდელი კი არ უზრუნველყოფს კარგ შედეგებს, არამედ თავად ეს ტრადიციები და პოლიტიკური კულტურა. ჩვენთან ერთმანეთს ებრძვიან კლანური და არა პოლიტიკური ინტერესები.

საერთოდ რატომ დადგა ეს საკითხი ანუ ვის რაში დასჭირდა: თუ იმ კუთხით შევხედავთ, რომ ვიღაცას ქვეყნისთვის რაღაც კარგი აქვს დასახული, ამის განხორციელევისათვის არსებული მოდელი არავის ხელს არ უშლის, არც პრეზიდენტს და არც პარლამენტს. უბრალოდ ეს იდეა თვითონ შევარდნაძისათვის იყო მისაღები, რადგან იზრდება მისი ძალაუფლება. აქ საუბარია არა გერმანულ, არამედ ფრანგულ, რუსულ, შუა აზიურ და სხა მოდელებზე, სადაც პრეზიდენტის ძალაუფლება არის ძალიან დიდი და პასუზისმგებლობა ნაკლები. ამასთან თუ ჟვანია არ გაამართლებს და შევარდნაძის თამაშს არ ითამაშებს, მას ადვილად მოიცილებს. პემიერმინისტრისაგან განსხვავებით პარლამენტის თავჯდომარეს ვერ მოხსნი.

ზურაბ ჟვანიას და მის გუნდს ეს იდეა მოსწონთ იმიტომ, რომ სხვა გზას ვერ ხედავდნენ ძალაუფლების ბერკეტების ხელში ასაღებად. შევარდნაძე არასოდეს წინ არ უშვებს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მისი ეგრეთწოდებული ბალანსირების პოლიტიკა საქვეყნოდ ცნობილია. საბოლოო ჯამში ბალანსირება იწვევს ხელისუფლების პარალიზებას, რადგან გადაწყვეტილებები ვერ მიიღება. რაც უნდა ჩხარტიშვილს ის არ უნდა სააკაშვილს და პირიქით.

რაც შეეხება ჩვენს ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას იმათ რა თქმაუნდა ახალი მოდელი არ აწყობთ რადგან, ამ ქაოსურ სისტემაში რაღაც კავშირები უკვე აწყობილი აქვთ, ზოგი ფულს აკეთებს, ზოგი წილებში ზის, არიან “კრიშები” და ა.შ.

საერთოდ რატომ გამოიწვია ამ საკითხმა ამხელა დაპირისპირება? იმიტომ რომ ჟვანიას კანდიდატურა არის არასასურველი, თავად მოდელი არავის არ აინტერესებს როგორი იქნება. ეს არის წმინდა წყლის პიროვნული საკითხი, არ უნდათ ეს კაცი და მორჩა. ამიტომ მე მგონია, რომ ეს საკითხი არ გავა. ყოველშემთხვევისათვის სანამ ჟვანიაა პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, ასლან აბაშიძე გააკეთებს ყველაფერს რომ ეს საკითხი არ გავიდეს.

ზემოთ


აკაკი ასათიანი. საპარლამენტო ფრაქცია “ტრადიციონალისტი” (უმცირესობა)
ამ პარლამენტში ჩვენი ფრაქცია (“ტრადიციონალისტი”) იყო კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატორი. თავიდან გვიპასუხეს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ჯერ ადრეა და განხორციელებამდე კიდევ 2-3 წელი იქნება საჭიროო. მინისტრთა კაბინეტის შემოღების ინიციატივაზე თავიდან უმრავლესობამაც მოგვიწერა ხელი, მაგრამ მას შმედმეგ, რაც პრეზიდენტმა “დაუცაცხანა” მათ პოზიცია შეცვალეს.

ამის შემდეგ შიდა პარტიული კრიზისი შეექმნათ მერაბიშვილის ცნობილი ინტერვიუს გამო და მისი განმუხტვა მინისტრტთა კაბინეტის იდეის საკითხის წამოწევით მოისურვეს.

საერთოდ, თუ პოლიტიკოსი ობიექტურად არ აკეთებს ქვეყნისათვის სწორს და მხოლოდ თავისი პრობლემების გადაწყვეტას ისახავს მიზნად, მას ეს შეუძლია გარკვეულ დონემდე მაგრამ ჯამში ასეთი რამ, საკმაოდ ძვირად უჯდება. მინისტრთა კაბინეტის საკითხის გარშემოც ზუსტად იგივე მოხდა. მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. საზოგადოებას ისეთი შტაბეჭდილება დარჩა, თითქოს ორი კაცი (შევარდნაძე და ჟვანია) დაჯდა და ერთმა მეორეს უთხრა მინისტრთა კაბინეტს გაჩუქებო. სამწუხაროდ პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გაითვალისწინა, რომ მარტო არ ცხოვრობს ამ ქვეყანაში და ისე შეიფერა ეს წინადადება, რომ თავის წინააღმდეგ მთელი პოლიტიკური ელიტა აიმხედრა. საზოგადოებაც არ დარჩენილა მაინცდამაინც აღტაცებული. მათ (უმრავლესობას) ჰქონდათ მარტივი სვლა, ანუ შეეძლოთ ჩაეწერათ დადგენილებაში, რომ ეს კეთდება ტრადიციონალისტებისა და ოპოზიციის მოთხოვნების ნიადაგზე (საუბარია კონსტიტუციურ ცვლილებებზე) და პოლიტიკური თვალსაზრისით ისინი “გაჭედავდნენ” ოპოზიციურ პარტიებს.

ასეთ შემთხვევაში აღარ გამოვეკიდეთ ჩვენ საავტორო უფლებებს ამ ინიციატივაზე და უბრალოდ დავამატეთ სხვა საკითხებიც, კერძოდ კი ადგლიობრივი თითმმართველობის, ჩვენ შევთავაზეთ: მოდი ესეც ესეც ესეც, ანუ კომპექსურად. თუმცა უმრავლესობამ ეს კომპექსური მიდგომა აღარ მოინდომა. საბოლოო ჯამში, მოხდა ისეთი კრიზისი, რომელსაც შეეწირება საერთოდ უმრავლესობაც და მოქალაქეთა კავშირიც. ერთგვარად ჟვანიას პოლიტიკური რეპუტაციაც შეეწირა ამ კრიზისს. რაც შეეხება ამ ახალ კრიზისს, ეს უნდა მოგვარდეს კომპლექსურად. ბარემ დავლაგდეთ ევროპულ ქვეყანად.

საერთოდ პრეზიდენტის მიერ ამ თემის (მინისტრთა კაბინეტი/საკონსტიტუციო ცვლილებები) წინ წმოწევის მიზანი არის დღესავით ნათელი, საჭირო გახდა ინტერვიუს დასაწყისში ხსენებული შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. და ეს გამოვლინდა შემდეგში: თუ შენ წინა დღეს მეუბნები, რომ ორი სამი წლის მერე უნდა იყოს, ჯერ ნადრევიაო და მეორე დღეს მეუბნები სასწრაფოდ უნდა გაკეთდესო, მე ეჭვი მიჩნდება, რომ შენ რაღაც სხვა გაინტერესებს და არა ქვეყნისათვის სასიკეთო. შწორედ აქ გამოჩნდა რომ ეს იყო რაღაც პარტიული ინტერესები, პარტია და სახელწიფო კი ერთი დაიგივე არ არის.

ამჟამად კანონპროექტი ვერ გავიდოდა, მაგრამ რადგან მისი განხილვა გადადიო, შემოდგომაზე ამ კანონს გასვლის უფრო მეტი შანსი ექნება. და თუ გავიდა, ეს საკითხი გამოიწვევს ძალთა გადაჯგუფებას პარლამენტში. მაგრამ მოცემული მოდელზე დათანხმება შეცდომა იქნება. ჩვენ გვჭირდება მინისტრთა კაბინეტის ევროპული მოდელი. პარლამენტს უნდა წარედგინოს პრემიერ-მინისტრი თავისივე პროგრამითა და მთლიანი გუნდით და არა სათითაო მინისტრებით. პარლამენტი მათ დაამტკიცებს და პასუხიმსგებლობასაც ამ ადამიანებთან ერთად აიღებს. ეს მიმაჩნია ყველაზე ლოგიკურ და სწორ გზად.

ზემოთ


კობა დავითაშვილი, საპარლამენტო ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი” (უმრავლესობა)
ძალიან უცნაური, დემოკრატიული ქვეყნებისათვის არატრადიციული სიტუაციაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა თავად შემოიტანა ეს კანონპროექტი, თვითონაც არ იჩენს დიდ ენთუზიაზმს და მეტიც, შეიძლება ითქვას რომ ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ ეს პროექტი საერთოდ არ იქნას მიღებული. მეორე მხრივ, თავად ამ დოკუმენტის შინაარსი ჩემთვის და მრავალი ჩემი კოლეგისათვის საერთოდ მიუღებელია და არ მესმის რატომ გადავიდა მთელი ყურადღება იმაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრი ჟვანია. ეს ხომ მეორეხარისხოვანი პრობლემაა. ჯერ უნდა მოხდეს ცვლილებები კონსტიტუციაში და მერე დაიწყოს საუბარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე. მე ვერ ვიქნები იმ პოზიციაზე, რომ ოღონდაც ჟვანია პრემიერ-მინისტრი იყოს და ნებისმიერ ცვლილებებზე დავთანხმდე ან პირიქით ოღონდაც ჟვანია არ გახდეს პრემიერ მინისტრი და ყველაფერს დავთანხმდე.

იმ პროექტით, რომელიც პრეზიდენტმა შემოიტანა, გათვალისწინებულია საქართველოში პარლამენტარიზმის სრული ლიკვიდაცია. ეს კანონპროექტი არის შერეული მმართველობის მსოფლიოში ყველაზე უარესი მოდელი. მსოფლიო კონსტიტუციებიდან აღებულია ის მომენტები, რომლებიც ყველაზე მეტად ასუსტებს პარლამენტს და ზრდის პრეზიდენტის ძალაუფლებას.

პარლამენტის ყველაზე მთავარი ფუნქცია არის ბიუჯეტის დამტკიცება. კანონპროექტის მიხედვით კი თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს ბიუჯეტს, მას ამტკიცებს პრეზიდენტი. თან ამავე დროს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი. თუ არ დაითხოვს პარლამენტს, უბრალოდ სასაცილოც კი იქნება. შეიძლება ბიუჯეტი პარლამენტის მაგივრად პრეზიდენტმა მიიღოს, ხოლო პარლამენტი მაინც დარჩეს და გააგრზელოს მუშაობა. თუმცა გაუგებარი ხდება რისთვის უნდა დარჩეს.

მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში პარლამენტი ამტკიცებს მთავრობას. ჩვენ გვთავაზობენ მოდელს, რომლის მიხედვითაც პარლამენტი ამტკიცებს მხოლოდ პრემიერ-მინისტრს. შემდგომ მინისტრებს ამტკიცებს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მთავრობის შემადგენლოვბა კი უცნობია. თუ პარლამენტი სამჯერ არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, მაშინ პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტს და თავად ნიშნავს პრემიერს, და არა მის მოვალეობის შემსურებელს, რომელიც უფლებამოსილებას მოიხსნიდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

გარდა ამისა არის კიდევ ერთი მომენტი. პარლამენტი უპირველეს ყოვლისა არის საკანონმდებლო ორგანო. პროექტის მიხედვით, თუკი რომელიმე კანონპორექტი მოითხოვს ხარჯებში, ფინანსურ ვალდებულებებში ან შემოსავლებში რაიმე ცვლილებებს, მაშინ ეს კანონპროექტი ვერ იქნება მიღებული მთავრობის

ზემოთ


ია ანთაძე. ჟურნალისტი, “რადიო თავისუფლება”.
მთავრობის სხდომებზე ძალიან თვალსაჩინოდ იგრძნობოდა ის კრიზისი, რომელიც ხელისუფლებაში მომწიფდა. მთავრობის სხდომების იერარქიული რეჟიმი მთლიანად შეიცვალა და ადამიანებმა, რომლებიც სახელისუფლო იერარქიის სრულიად სხვადასხვა საფეხურებზე იდგნენ ერთმანეთს დაუწყეს პირდაპირ უცენზურო სიტყვებით და ფრაზებით მიმართვა. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ მინისტრები, რომლებსაც ერთმანეთის აღარ ესმოდათ პირდაპირ პრეზიდენტის თანდასწრებით აძლევდნენ თავს უფლებას, რომ სერიოზული უკმაყოფილებები გამოეთქვათ ერთმანეთის მიმართ. მთავრობაში აშკარად იგრძნობა, რომ არის ორი გუნდი, ერთი, რომელსაც შეიძლება პირობითათ ვუწოდოთ რეფორმატორები და მეორე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რეფორმებს და მთელი თავისი კარიერა და შემოსავლები აწყობილი აქვთ სწორედ იმაზე, რომ სისტემის რეფორმირება არ მოხდეს. აი ამ ორი ჯგუფის კონფლიქტი სერიოზულად იყო გაღრმავებული სწორედ იმის წინ ვედრე დაიწყებოდა ხელახლა საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მინისტრთა კაბინეტზე.

საერთოდ შეიძლება არაფერიც არ შეიცვალოს და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საუბრები საუბრებადვე დარჩეს. თუმცა შესაძლოა მოხდეს პირიქით და ჩვენ მივიღოთ მინისტრთა კაბინეტი სუსტი პრემიერმინისტრის პოსტით სადაც უსათუოდ გადავა ჟვანია და უსათუოდ ეცდება აღმასრულებელ სივრცეში გაამყაროს თავისი პოზიციები. რასაც ალბათ, თუ საერთო ტენდენციას გადავხედავთ, პრეზიდენტიც ხელს შეუწყობს. სწორედ ამიტომ ჟვანიას სუსტი პრემიერ მინისტრის პოსტზე გადასვლისაც კი ეშინია ოპოზიციას.

რაც შეეხება დაპირისპირებული ბანაკების ბრძოლას, რომელიც სერიოზულად გამწვავდა და სახელისუფლო კრიზისში გადაიზარდა, საჭირო გახდა სიტუაციის ერთგვარი განმუხტვა. ამისათვის კი საჭირო იყო პრეზიდენტს მინიშნებით, სიმბოლურად ეთქვა: აი ამ ბანაკმა მოიგო. ერთ-ერთი ბანაკის პირდაპირ ამოვარდნა არ მოხერხდა. როგორც კი მან (შევარდნაძემ) თქვა, რომ პრემიერმინისტრი იქნება ჟვანია სიმბოლურად მოიგო ერთმა ბანაკმა. როდესაც განცხადდა ეს მაშინვე ამოქმედდა მეორე ბანაკის ძალები, და ბევრი მოვლენა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ და მომავალშიც დავინახავთ, სწორედ მათი წინააღვდეგობის შედეგია.

როგორც ჩანს მინისტრთა კაბინეტის გუნდური პრინციპით დაკომპლექტება მაინც არ მოხერხდება. უკეთეს შემთხვევაში ეს იქნება რაღაც შუალედური, რომლის მხოლოდ ერთი სეგმენტი იქნება თანამოაზრეთა გუნდი. მაგრამ იქნება პერსპექტივა რომ სამომავლოდ აღნიშნული სიტუაცია შეიძლება უკეთესობისაკენ შეიცვალოს.

ჟვანიას გადასვლა აღმასრულებელ ხელისუფლებაში არის მისთვის შანსი, შეგვეძლია შევხედოთ ამას როგორც ბოლო შანსს, შეგვიძლია შევხედოთ ამას როგორც პირველ შანსს. მას აქამდე ეს შანსი არ ჰქონია და მას უნდა განახორციელოს ეს შანსი და უარი არ თქვას მასზე. თუმცა ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს ქუჩაში. მაგალითად მე უკვე ვფიქრობ იმ პერიოდზე, როდესაც ჟვანია თავისი გუნდიანად შეიძლება აღმოჩნდეს ქუჩაში, თანაც შეიძლება როგორ აღმოჩნდეს, უკვე ხელიდან გაშვებული შანსით.

რაც შეეხება საუბრებს შევარდნაძესა და ჟვანიას შორის დაპორისპირებაზე, მე ვფიქრობ, რომ აქ არ არის დაპირისპირება მენტალიტეტში, და იმაში თუ როგორ წარმოუდგენია ამ ორ ადამიანს მომავალი საქართველო. შევარდნაძე შეიძლება ხვალ განიხილებოდეს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის დამფუძნებელი მამა და მეოერე შემთხვევაში კი როგორც ყველაზე კორუმპირებული, დაშლილი და დანგრეული საქართველოს პრეზიდენტი. ეს იქნება ძალიან დიდ წილად დამოკიდებული იმაზე თუ ვინ მოვა მის შემდგომ. აი ამ ასპექტში ჟვანიასა და შევარდნაძის ინტერესები არ უპირისპირდება ერთმანეთს.

ზემოთ

Back to top button