ახალი ამბები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 30 აგვისტოს სხდომა გამართა. სხდომა მიეძღვნა მიმდინარე კვირის დასაწყისში მდინარე ჩოლოქთან, აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან, ბათუმში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილების მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებელი სამხედრო წვრთნების საკითხს.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროებისა და დაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც კომიტეტს ჩოლოქის ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია წარუდგინეს. 

კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, “ეს პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყების დაბალი რანგის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით არ გადაიდგმებოდა”. მან ასევე აღნიშნა, რომ “ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებმა სამუდამოდ დატოვონ საქართველოს ტერიტორია, რადგან მათი საქართველოში ყოფნა ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას”.

კომიტეტის წევრის, ირაკლი გოგავას განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე დაფიქსირდა აზრი, რომ ადგილი აქვს უცხო ქვეყნის ჯარის თვითნებურ გადაადგილებას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, რაც ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევაა. “ამასთან, წარმოუდგენელია, აჭარის ტერიტორიაზე გადაადგილდეს თუნდაც მცირე რაოდენობის სამხედრო შენაერთი და ამის შესახებ საქმის ყურში არ იყოს ადგილობრივ ხელისუფლება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ერთგვარ სამკუთხედთან – ასლან აბაშიძე, მოსკოვი და რუსეთის სამხედრო ბაზა ბათუმში. როგორც ჩანს, ამ სამკუთხედში მოხდა შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილები გადაადგილდა”, – დასძინა გოგავამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია “ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების მე-12 სამხედრო ბაზის დანაყოფების საქართველოს ტერიტორიაზე უნებართვოდ გადაადგილების შესახებ”. რეზოლუციის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ნაწილის ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 14 ნოემბრის დადგენილებას “საქართველოში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებიდან და სასაზღვრო ნაწილებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის გადაადგილების წესს”, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია საქართველოში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებიდან და სასაზღვრო ნაწილებიდან საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის ყოველგვარი გადაადგილება საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან (თავდაცვის სამინისტრო, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო) შეთანხმების გარეშე.

“რუსეთის სამხედროების ხელმძღვანელობის უკანონო ქმედებები აშკარად გამოხატულ პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და მიმართულია საქართველოს სტაბილურობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მოითხოვს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სათანადო შეფასება მისცეს მისი სამხედრო მეთაურების თვითნებურ ქმედებებს და აცხადებს, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს საქართველოს მთელი ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტით უკვე მიმართა რუსეთის საგარეო უწყებას. თავდაცვის მინისტრმა, დავით თევზაძემ კი აღნიშნული საკითხის თაობაზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი ივანოვთან პირადი შეხვედრისას.

კომიტეტი თავის განცხადებაში ასევე მიმართავს ყველა მეგობარი ქვეყნის სამხედრო ატაშესა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. 

მსგავსი/Related

Back to top button