ახალი ამბები

საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტი

31 აგვისტოს საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტმა განიხილა 2002 წლის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები. პროექტის მიხედვით, 2002 წელს გათვალისწინებულია ბიუჯეტში შემოსავლებისა და გრანტების მიღება 1,267 მლრდ. ლარის ოდენობით. აქედან, საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 1,1 მლრდ. ლარს. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები შეადგენს 1,295 მლრდ. ლარს.

დაახლოებით, ორი კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ვანო ჩხარტიშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა საგადასახადო შემოსავლების პარამეტრი 1,1 მლრდ. ლარის ოდენობით. მისი გათვლებით, ეს პარამეტრი 100 მლნ. ლარით მეტი უნდა იყოს. ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციათა შეუთანხმებლობის გამო თანამდებობიდან გადადგა საგადასახადო შემოსავლების მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის წინადადებას არ დაეთანხმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზეც გამახვილდა ყურადღება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა სიორიძემ განაცხადა, კომიტეტს აინტერესებს რამდენადაა შეთანხმებული მთავრობასთან ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების ის ვარიანტი, რომელსაც კომიტეტი იხილავს. მისი თქმით, კომიტეტი აპირებს ამ კითხვით პრეზიდენტს და მთავრობას მიმართოს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების პროექტი მთავრობის სხდომაზე იქნა მოწონებული და ის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტმა წარადგინა. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს პროექტი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოში ივლისში იმყოფებოდნენ. ფონდის მომდევნო მისია თბილისს სექტემბერში ეწვევა.  

მსგავსი/Related

Back to top button