ახალი ამბები

საქართველოდან გაბრუნებული ჩეჩენი ქალი, სავარაუდოდ, ღირსების სახელით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი გახდა

33 წლის ჩეჩენი ქალი, ალია ოზდამიროვა, სავარაუდოდ, ღირსების სახელით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც ის „მოატყუეს ან იძულებით გაააბრუნეს“ საქართველოდან ჩეჩნეთში, განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა North Caucasus (NC) SOS-მა 13 ნოემბერს.

ორგანიზაციის თანახმად, რომელიც იმ ლგბტქ+ ადამიანებს ეხმარება, რომელთაც ჩრდილოეთ კავკასიაში საფრთხე ემუქრებათ, ოზდამიროვას დაკრძალვა, „რომელიც ჩეჩნეთიდან მუქარის გამო გაიქცა“, 12 ნოემბერს გაიმართა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ოზდამიროვა მას შემდეგ გაიქცა, რაც ნათესავებმა, მათ შორის მისმა ბიძაშვილებმა და ძმამ, სავარაუდოდ, მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ შეიტყვეს. „მან განაცხადა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა, მათ შორის მისმა ბიძაშვილებმა, შეიტყვეს მისი ორიენტაციის შესახებ და რომ მუქარა სწორედ მათგან და მისი ძმისგან მოდიოდა. ალია სტამბოლში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში ჩავიდა“, – განაცხადა ჯგუფმა.

ორგანიზაციის თქმით, „უცნობია, მისი იძულებითი დაბრუნება და შესაძლო მკვლელობა მის სექსუალურ ორიენტაციას უკავშირდებოდა თუ მისი ოჯახის უკმაყოფილებას მისი ბიზნეს პრობლემებით“. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ოზდამიროვას ძმებმა სცემეს იგი, „რადგან მის ბიზნესპარტნიორებს ინვესტორებისთვის ფული ემართათ და ალია მის მოპარვაში დაადანაშაულეს“, თუმცა გაქცევის დროს „ალიას ეს ფული არ ჰქონდა“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ოზდამიროვა შესაძლოა ხაფანგში მისმა „ადვოკატმა მეგობარმა“ და ბაქოდან ჩამოსულმა ბიძამ გააბა, რომლებმაც დაარწმუნეს, რომ „მის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული „ტერორიზმის დაფინანსებისთვის“ და რომ ის ახლა ვერ შეძლებდა საქართველოდან გასვლას“. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძამ საზღვარზე არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა, რამაც ოზდამიროვას უფრო უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრება შეაფერხა.

„ჩვენი ინფორმაციით, ალიამ საქართველო-რუსეთის საზღვარი 9 ნოემბერს გადაკვეთა. მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა“, – განაცხადა ორგანიზაციამ და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია 12 ნოემბერს დადასტურდა, როდესაც იგი დაკრძალეს. „გოგონას მეგობრები და ნაცნობები, ასევე SK SOS-ის ადამიანის უფლებათა დამცველები თვლიან, რომ ალია „ღირსების სახელით ჩადენილი მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა“, – აღნიშნა ორგანიზაციამ.

This post is also available in: English

Back to top button