
გახარიას პარტიის 11 წევრმა სადავო პარლამენტში სადეპუტატო ადგილები დაიკავა
ყოფილი და დევნილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ თერთმეტმა წევრმა 28 ოქტომბერს სადავო პარლამენტში ადგილები დაიკავა, რითაც საკანონმდებლო ორგანოს ერთწლიანი ბოიკოტი დასრულდა. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები 2024 წლის 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტს უცხადებენ.
პარტიის წევრმა, გიორგი შარაშიძემ, საპარლამენტო ბოიკოტის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება 20 ოქტომბერს გამოაცხადა და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მიზანი თავისუფალი აზრის გადარჩენისთვის ბრძოლაა.
სადავო პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ შემდეგი დეპუტატები შევიდნენ: გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი.
პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, რუსუდან თევზაძემ, რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს და ამის მიზეზად „საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევები“ დაასახელა. რამდენიმე წევრმა პარტია კიდევ უფრო ადრე, სექტემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც გახარიამ მიანიშნა, რომ ბოიკოტი „შეცდომა“ იყო.
„მისასალმებელია, მართალია, დაგვიანებით, ერთ წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომის გახსნისას. „სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახევი ხიდები დაიწვა… ამის შესაძლებლობა თავად მოუსპეს საკუთარ ამომრჩეველს, რომ მათი ხმა გაჟღერდეს პარლამენტში“.
This post is also available in: English
