ახალი ამბები

კობახიძე დასავლეთს ურთიერთობის გადატვირთვას სთავაზობს და რუსთველის პროტესტის დასრულებით იმუქრება

6 ოქტომბერს სახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ვრცელ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობის მცდელობების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და ამასთანავე ბლოკს ურთიერთობის გადატვირთვისკენ მოუწოდა. მან ასევე პირობა დადო, რომ გადაიდგმება „მეთოდური“ ნაბიჯები რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დასასრულებლად. კობახიძემ ასევე დაადასტურა, რომ მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით შეეცდება.

კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთთან კავშირების აღდგენას ცდილობს, რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრიუსელი და ვაშინგტონი, რომლებიც, მისი თქმით, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ იმყოფებიან, შეწყვეტენ მმართველი პარტიის „მტრად“ განხილვას. მისი თქმით, „ევროპული ბიუროკრატია“ აგრძელებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას.

რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, კობახიძემ განაცხადა, რომ „წინა ადმინისტრაციის პირობებში ამერიკული მხარე, ბიუროკრატია, გვიყურებდა, როგორც მტერს“, თუმცა იქვე დასძინა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ასეთი დამოკიდებულება შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა ევროპაში.

პარლამენტის წინ მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებზე საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა: „დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს, არავის არ მივცემთ, მით უმეტეს, 100 და 150 კაცს საბოლოო ჯამში ოთხ მილიონ ადამიანზე ძალადობის შესაძლებლობას, ამას არ დავუშვებთ“.

„როცა გამოდის 100 უცხოელი აგენტი, სამარცხვინო უცხოელი აგენტი და ძალადობს ოთხ მილიონ ადამიანზე, მის ეკონომიკაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისად“, – განაცხადა მან.  

This post is also available in: English

Back to top button