skip to content
ახალი ამბები

იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი დეპუტატების სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით კობახიძეს მიმართავს

იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, ატეფ ტარავნემ კიდევ ერთხელ გამოხატა თავის ქვეყნის „სრული პატივისცემა“ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ სამი იორდანელი დეპუტატი სოხუმს სტუმრობდა.

ოფიციალურ წერილში, რომელიც 21 მარტს მომზადდა და რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს გამოაქვეყნა, იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ჩვენ კარგად მოგვეხსენება თქვენს რეგიონში არსებული პოლიტიკური საკითხები და მათი გავლენა საერთაშორისო დონეზე“, თუმცა იქვე დასძენს, რომ „წარმომადგენლობითი პალატა ვერ აუკრძალავს თავის წევრებს მსოფლიოს რომელიმე ნაწილის მონახულებას“.

„წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშირებით, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და რომ იგი არ ასახავს იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც შეესაბამება იორდანიის ჰაშემიტური სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – ნათქვამია წერილში.

ატეფ ტარავნემ ასევე გაიხსენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი ვიზიტი ამანში და აღნიშნა, რომ ის „წარმატებული იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების გამყარების მხრივ“.

იორდანიის სამწევრიანი დელეგაცია მანსურ საიდ ედინ მურადის ხელმძღვანელობით აფხაზეთს 7-9 მარტს ესტუმრა და ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობას, მათ შორის აფხაზეთის ლიდერს, რაულ ხაჯიმბას, პარლამენტის სპიკერს, ვალერი კვარჭიას და ეკონომიკის მინისტრს, ადგურ არძინბას შეხვდა.

აფხაზეთში იორდანელ დეპუტატებს საერთაშორისო ფონდმა „აფსნი“ უპასპინძლა. ფონდის წარმომადგენლები, მათ შორის რეგიონის საინვესტიციო სააგენტოს უფროსი, სიმონ აგრბა, ამანს შარშან დეკემბერში სტუმრობდნენ, სადაც ისინი, გავრცელებული ინფორმაციით, იორდანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button