skip to content
ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე უკრაინას სტუმრობს


ირაკლი კობახიძე და ანდრი პარუბი, 17 იანვარი, 2018. ფოტო: facebook.com/verkhovna.rada.ukraine

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც რვაწევრიან საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 17-19 იანვარს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას სტუმრობს, უკვე გამართა შეხვედრები თავის უკრაინელ კოლეგასთან, ანდრი პარუბისთან, და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ვოლოდიმირ გროისმანთან. 

ვერხოვნა რადაში 17 იანვარს გამართული მოლაპარაკებებზე, უკრაინის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე საერთაშორისო ფორმატებში კოორდინირებული მოქმედების შესაძლებლობები განიხილეს. მხარეებმა დაადასტურეს მხარდაჭერა ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 
მოლაპარაკებების დასრულების შედეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მადლობა გადაუხადა უკრაინულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის „განუხრელი“ მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში უკრაინა, ჩვენი უკრაინელი მეგობრები იდგნენ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს გვერდით“. 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაადასტურა „უპირობო“ მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. „ვგმობთ ყირიმის ანექსიას და ასევე, რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პრობლემების გადასაჭრელად მხარებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატები. მისივე თქმით, ძალისხმევის გაერთიანება „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ საერთო მიზნების მისაღწევადაც, რომელთა შორისაც მან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება დაასახელა. 
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრი პარუბიმ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ „უკრაინა გრძნობს საქართველოს მხარდაჭერას როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ისე ორმხრივ ურთიერთობებში“. 
საერთო გამოწვევებზე საუბრისას, პარუბიმ რუსეთის მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის ყველა მეზობელ ქვეყანას ეხება. ამ მხრივ, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობას რეგიონულ დონეზე და ისაუბრა კიშინევში დაგეგმილ საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და რუმინეთის პარლამენტის თავმჯდომარეების მონაწილეობით 2-3 მარტს გაიმართება. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ რუსეთის მიმართ ერთობლივი პოზიციის გამოსახატად, არამედ მოლდოვის ევროპული მისწრაფეების მხარდასაჭერადაც, რომელსაც ასევე აქვს პრობლემები რუსეთის აგრესიასთან. 
საქართველოს და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ამ მხრივ საქართველოს სატრანზიტო ფუქნციის გაძლიერების და აბრეშუმის გზის პროექტში უკრაინის ჩართვის საჭიროებას გაუსვეს ხაზი.  
აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე იყო საუბარი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის და უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ვოლოდიმირ გროისმანის შეხვედრაზეც, რომელიც 18 იანვარს გაიმართა. მხარეებმა ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ვოლოდიმირ გროისმანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისათვის”. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, – დასძინა მან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი 19 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან ირაკლი კობახიძის შეხვედრით დასრულდება.

მსგავსი/Related

Back to top button