skip to content
ახალი ამბები

რუსეთი სამხრეთ ოსეთს ორ სამედიცინო სამაშველო ვერტმფრენს გადასცემს

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ცხინვალს ორ სამედიცინო სამაშველო ვერტმფრენს გადასცემს, განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ 22 დეკემბერს, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრს, ვლადიმირ პუჩკოვსა, და სამხრეთ ოსეთის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს, შორის გამართული შეხვედრიდან ორ დღეში.

„სანიტარული ავიაციის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს, რათა შევძლოთ ჩრდილოეთ კავკასიის სამედიცინო დაწესებულებებში, ჩრდილოეთ ოსეთში იმ პირთა სწრაფი ტრანსპორტირება, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა ესაჭიროებათ და რომელთაც ჩვეულებრივ ვაგზავნით ჩვენი რესპუბლიკის სამხრეთით (დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე)“, – განუცხადა ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ალან თადტაევმა, ადგილობრივ ტელევიზიას პარასკევს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვერტმფრენები რეგიონში იქნება განთავსებული და მათი შენახვისა და მომსახურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა „რუსი კოლეგების დახმარებით“ განვითარდება. თადტაევმა დასძინა, რომ მოსკოვი ასევე დაეხმარება რეგიონს „ადგილობრივი სპეციალისტების მომზადებაში, რათა მათ თავად შეძლონ ვერტმფრენების შენახვა და გამოყენება“.

ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მოსკოვმა ხელი მოაწერა ცხინვალთან სამედიცინო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზეც გავრცელდება.
 
ადგილობრივი „პარლამენტის“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ალან კოზონოვის, თქმით, „ახალი შეთანხმება მთლიანად თუ არ აღმოფხვრის, მნიშვნელოვნად მაინც შეამცირებს“ ცხინვალის იმ მცხოვრებლების მზარდ რაოდენობას, რომლებიც სამედიცინო მკურნალობას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ.

თბილისში განთავსებული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ბესტაევმა განაცხადა, რომ 25 დეკემბრის მდგომარეობით, 2017 წელს რეგიონის დაახლოებით 400 მცხოვრებმა გამოიყენა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679-ს შეადგენდა, განუცხადა ბესტაევმა Civil.ge-ს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button