skip to content
ახალი ამბები

ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი დეპუტატები ევროკავშირს წევრობის პერსპექტივის გახსნისკენ მოუწოდებენ


არაფორმალური შეხვედრის მონაწილეები, 16 სექტემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

ექვსმა დეპუტატმა საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან 16 სექტემბერს ერთობლივი კომუნიკე გამოაქვეყნეს, სადაც მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე აღიაროს სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.

კომუნიკე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  თამარ ხულორდავა, ასევე სამი უკრაინელი და ორი მოლდაველი დეპუტატი აწერს ხელს, საპარლამენტათაშორისო თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში იტალიაში, კომოს ტბაზე გამართული არაფორმალური შეხვედრის დროს შემუშავდა. 

დოკუმენტის თანახმად, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, „როგორც ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ევროკავშირში სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან“, აღიარებენ „ევროპული მომავლის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც ფუნდამენტურ არჩევანს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის სუვერენიტეტის, კეთილდღეობის და დემოკრატიული მართვის თვალსაზრისით“.

კომუნიკეში ასევე საუბარია სამი ქვეყნის მოლოდინებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისგან, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის აღიარებაზე, ახალი ევროპის საინვესტიციო გეგმის შემოღებაზე, ევროკავშირის სტრუქტურებსა და საზოგადოებრივ პროგრამებში მათი მონაწილეობის მხარდაჭერაზე. 

დეპუტატები ასევე შეთანხმდნენ, რომ ევროპარლამენტს მიმართავენ თხოვნით – მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც წევრობის მიმართ მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა და პრაქტიკული საგზაო რუკა იქნება უზრუნველყოფილი. დეპუტატებმა ასევე გადაწყვიტეს, მიმართონ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) საპრეზიდენტო ტროიკას, რათა მან განიხილოს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის COSAC-ის ასოცირებული პარტნიორების სტატუსის მინიჭების საკითხი.

საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმის შეხვედრას კონრად ადენაურის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ, საქართველოს პარლამენტთან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით, უმასპინძლა. კომოში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს და ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას მიეძღვნა, ევროპული ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ოფიციალური პირები და ექსპერტები დაესწრნენ.

 

მსგავსი/Related

Back to top button