skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობენ

საქართველოს ლიდერებმა დაგმეს ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

„ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები. მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა“, – დასძინა მან.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასევე გაავრცელა მოკლე განცხადება, რომლის თანახმადაც იგი „შეძრწუნებულია“ ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.

„ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

„ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ესპანეთის ხელისუფლებას და ხალხს“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ასევე დაგმო ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტი და აღნიშნა, რომ „ტერორიზმი რჩება თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად“.

„საქართველო აგრძელებს ამ გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ყველა ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მსგავსი/Related

Back to top button