skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა უარყოფს აფხაზეთის რკინიგზაზე მოლაპარაკებებს

რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის შესაძლო აღდგენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რასაც წინ 23-24 თებერვალს თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის ვიზიტი უძღოდა, საქართველოში სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა. 

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ შესაძლოა თბილისი აღნიშნულ საკითხზე რუსეთისა და სომხეთის მთავრობებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

24 თებერვალს ვიზიტის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ „ზემო ლარსის ალტერნატიულ მარშრუტზე“ საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საკითხი განვიხილეთ. დარწმუნებული იყავით, რომ იქნება [ალტერნატივა]“. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის რკინიგზის აღდგენა „სრულიად დაუშვებელია“. 

„ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს, გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას, ჩვენი არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას და საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა რურუამ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

„აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ეროვნული ინტერესების ღია ღალატია და დაუშვებელია, როგორც მტრული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ რუსებს, სეპარატისტებს ახეირებს“, – განაცხადა მან. 

რურუამ ასევე აღნიშნა, რომ რკინიგზის აღდგენა „გაგვიფუჭებს ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან დაასუსტებს ტვირთბრუნვას ფოთის პორტში და გაგვიფუჭებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან“. 

„აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია გაჟღერდა აბაშაიძე-კარასინის ფორმატშიც, რომელიც აშკარად სცილდება საკუთარი უფლებების საზღვარს, რადგან ეს ფორმატი მხოლოდ ეკონომიკური საკითხებისთვისაა შექმნილი. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ცალსახად პოლიტიკური საკითხია. სწორედ ამიტომ, [ზურაბ] აბაშიძე უნდა გამოცხადდეს პარლამენტში და ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მის მიმართ დაგროვდა“, – განაცხადა რურუამ.

მან მოუწოდა მთავრობას, რომ თავი დაანებოს მოლაპარაკებებს „კულუარულ ფორმატში“ და „ფართო საზოგადოებრივი“ დისკუსიისთვის გამოიტანოს. 

„თუ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, ჩვენ პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ“, – დასძინა რურუამ. 

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძე 27 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე რკინიგზის გახსნა საზიანო იქნება საქართველოსთვის. 

„ბოლო თვეებში ან თუნდაც კვირებში, ძალიან ბევრ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯზე წავიდა ხელისუფლება, მათ შორის გაზპრომის შეთანხმებაზე … ამიტომ, სრული საფუძველი გვაქვს იმისა, რომ ასეთი მოლაპარაკებები რაღაც სეპარატულ რეჟიმში მართლაც მიმდინარეობდეს,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

„ეს დისკუსიები თავის დროს ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. რკინიგზის გახსნაზე საუბარი, როგორც ივანიშვილმა ახსენა, ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება იყოს დამღუპველი“, – თქვა მან.
 
ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, პირველმა უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს. 

„ეს არის სიცრუე და ვადასტურებ კვლავ და კვლავ, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე არსად და არავისთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას“, – განუცხადა აბაშიძემ Civil.ge-ს. 

„აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი პირდაპირ კავშირშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკასთან“, – დასძინა მან. 

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ასევე უარყო ოპოზიციის ბრალდებები. 

„პირველად მესმიეს. ეს არ არის სწორი ინფორმაცია… მსჯელობაც კი არ ყოფილა მთავრობაში ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტამდე სამი კვირით ადრე ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან პრაღაში შეხვედრა გამართა, სადაც მხარეები შეთანხმებდენ, რომ წინ გადადგან ნაბიჯები საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის, შვეიცარიის შუამავლობით, 2011 წელს დადებული შეთანხმების  საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების განხორციელების შესახებ.

შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი სეპარატისტულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე.

მსგავსი/Related

Back to top button