skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა

პარლამენტმა 28 დეკემბერს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის სახელწოდებით ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების გადაწყვეტილება ქართული ოცნების დეპუტატების შუამდგომლობით მიიღო.

ამ შეთავაზებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე იმ პირობით დათანხმდა, თუ განხილვები დაჩქარებულად და სწრაფად წარიმართება.

„იმედს ვიტოვებთ, რომ არათუ უახლოეს მომავალში, არამედ წელსვე ეს კანონპროექტი იქცევა კანონად, ვინაიდან ეს კანონპროექტის ფორმით დიდი ხანია არსებობს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი საჭიროებს ცხოვრებაში რეალურად გატარებას“, – განაცხადა მან. 

ქართული ოცნების დეპუტატებმა კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების მოტივად კანონპროექტის სიღრმისეულად განხილვის საჭიროება დაასახელეს, რაც მესამე მოსმენის ეტაპზე, როცა მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანაა დაშვებული, შეუძლებელია.    

„ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს პაკეტი და პასუხისმგებლობაც სწორედ ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა აიღოს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ქართული ოცნებიდან, „მე მგონია, რომ სრულიად შესაძლებელია ამ რიგგარეშე სესიის  ფორმატში, ჩვენ თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ, განიხილოს კომიტეტმა მეორე მოსმენით“. 

კომიტეტი ამ საკითხს დღესვე განიხილავს, შემდეგ კი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა რიგგარეშე სხდომაზე გაგრძელდება.

იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული 8 კანონპროექტისგან შემდგარი ეს პაკეტი, რომლის ინიცირებაც  2015 წლის ივლისში მოხდა, სხვა საკითხებთან ასევე ითვალისწინებს მოსამართლეებზე საქმეთა ელექტრონული წესით განაწილებას,  მოსამართლეთა შერჩევის ახალი კრიტერიუმების შემოღებას და ასევე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის არანაკლებ 16 წევრით განსაზღვრას, იმ დათქმით, რომ სასამართლოს პლენუმს საჭიროების შემთხვევაში ამ რაოდენობის გაზრდა შეეძლება.

პირველი მოსმენით პარლამენტმა ეს ცვლილებები 2016 წლის 19 თებერვალს მიიღო, ხოლო მეორე მოსმენით 27 აპრილს უყარა კენჭი გარკვეული სახეცვლილებით. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის საკომიტეტო ვიზირება მაისის დასაწყისში მოხდა,  თუმცა მერვე მოწვევის პარლამენტმა ისე დაასრულა მუშაობა, რომ ამ ცვლილებების მიღება ვერ მოხერხდა.

მეორე მოსმენაზე დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ მასში მართალია პრინციპული ცვლილებების ვერ შევა, თუმცა გარკვეული შესწორებების შეტანა შესაძლებელი იქნება. ამ დრომდე სადავო რჩება სასამართლოთა თავმჯდომარეების არჩევის წესი, თუმცა მეორე მოსმენით განხილვის პროცესში არ არის გამორიცხული  ცვლილებები სხვა დებულებებსაც შეეხოს.

მსგავსი/Related

Back to top button