skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 6-7 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს როუზ გოტემოლერს შეხვდება.

მინისტრი ბრიუსელს გასულ კვირასაც სტუმრობდა სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა და რომელიც 2 დეკემბერს ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს პატრნიორობის გაძლიერებისა და მისი შემდგომი განვითარების საკითხები. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან მუშაობა გაგრძელდება შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ საკითხებს მომავალი წლის დასაწყისში ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებშიც განიხილავენ.  

„ნატო, რა თქმა უნდა, შეშფოთებულია რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში, განსაკუთრებით ყირიმში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ, „ამრიგად, ჩვენ მუდმივად ვაფასებთ, მუდმივად ვერგებით უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელსაც შავი ზღვის რეგიონში ვხედავთ და ძალიან ვაფასებთ ამ თემაზე საქართველოსთან დიალოგს; ვიმედოვნებ, რომ ეს დიალოგი მომავალი წლის დასაწყისში საქართველოში სამხედრო კომიტეტის შეხვედრის დროსაც გაიმართება“.

მსგავსი/Related

Back to top button