skip to content
ახალი ამბები

აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ პირველი შეკრება გამართა

ოქტომბრის არჩევნების შედეგად 28 ნოემბერს შეკრებილმა აჭარის 21-წევრიანმა უმაღლესმა საბჭომ პირველი სხდომა გამართა და სპიკერად ქართული ოცნების დეპუტატი დავით გაბაიძე აირჩია.

36 წლის გაბაიძე, რომელიც პროფესიით იურისტია და სხვადასხვა უნივერსიტეტებში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, უმაღლეს საბჭოში მოხვედრამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში იურიდიულ და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა 2014 წლიდან.

აჭარის ოთხპარტიულ საკანონმდებლო ორგანოში, ქართულმა ოცნებამ 14-წევრიანი უმრავლესობის ფარგლებში სამი ფრაქცია ჩამოაყალიბა, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობის 5-წევრიანმა უმცირესობამ ერთი ფრაქცია შექმნა პირველივე სხდომაზე. პატრიოთა ალიანსს და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“ თითო-თითო წევრი ჰყავთ.

უმაღლეს საბჭოში არსებულ ექვს კომისიას ასევე ქართული ოცნების დეპუტატები უხელმძღვანელებენ.

პრეზიდენტი მარგველაშვილი 10 დღის ვადაში, უმაღლეს საბჭოში არჩეულ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარადგენს დასამტკიცებლად. ჯერ-ჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ის ისევ ზურაბ პატარაძე, რომელიც რეგიონის მთავრობას ივლისიდან ხელმძღვანელობს.

მსგავსი/Related

Back to top button