skip to content
ახალი ამბები

სოხუმმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების სია გამოაქვეყნა

სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობამ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების სია გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ზომებთან ერთად, ასევე შედის თევზის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის აკრძალვა 2016 წლის 1 მარტიდან.

სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებამ თურქეთის წინააღმდეგ რუსულ სანქციებთან შეერთების გეგმის შესახებ 11 იანვარს განაცხადა – ორ კვირაში მას შემდეგ, რაც სოხუმს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი სტუმრობდა; სურკოვმა ვიზიტისას აფხაზებთან „კოორდინირებული“ ქმედებების საჭიროებას გაუსვა ხაზი იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც  ნოემბერში თურქეთის მიერ  რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვსა და ანკარას შორის შეიქმნა.

სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრის არტურ მიქვაბიას 11 იანვრის განკარგულებაში, რომლითაც სამინისტროებს სანქციების სიის მომზადება დაევალათ, ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი გამომდინარეობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებიდან, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს „კოორდინირებული“ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას.

სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრის ახალ განკარგულებაში, რომელიც 15 იანვრითაა დათარიღებული და 19 იანვარს გამოქვეყნდა, ჩამოთვლილია კონკრეტული ზომები, მათ შორის საუბარია იმ არაკომერციული ორგანიზაციების რეგისტრაციის დროებით აკრძალვასა და საქმიანობის შეწყვეტაზე, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ და თურქეთის მოქალაქეები არიან მათი დამფუძნებლები/მმართველები ანდა თურქეთის იურისდიქციის ქვეშ არიან და მათ თურქეთის მოქალაქეები აკონტროლებენ. სეპარატისტული რეგიონის იუსტიციის სამინისტროს ორი თვის მანძილზე იმ კანონპროექტების მომზადება დაევალა, რომლებიც „შემზღუდველი ზომების მისაღებად საკანონმდებლო ბაზას“ უზრუნველყოფს.

განკარგულებით უკვე აიკრძალა აფხაზეთში რუსეთის ფინანსური დახმარებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თურქული კომპანიების ან იმ ორგანიზაციების დაქირავება, რომელთაც თურქეთის მოქალაქეები „აკონტროლებენ“.  

1 მარტიდან სოხუმი ასევე აკრძალავს თურქეთიდან თევზის პროდუქტების, ასევე კარტოფილის, პომიდვრის, ხახვის, ნივრის, კომბოსტოს, კიტრის, ციტრუსის, ხილის, ყურძნის, ნესვის, ვაშლის, მსხლის, გარგრის, ბლის, ატმის და ქლიავის იმპორტს.

სიაში არ შედის სამშენებლო მასალები, საწვავი და ტექსტილი, რომელზეც, გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტულ რეგიონში თურქეთის იმპორტის ყველაზე დიდი წილი მოდის. 

გასულ კვირას სეპარატისტული რეგიონის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ განაცხადა, რომ მართალია თავდაპირველად თურქული გემების რუსულით ჩანაცვლება იგეგმებოდა ქაფშიის დასაჭერად, მაგრამ მოლაპარაკებების შემდეგ ეს გეგმა გაუქმდა, რადგანაც ის გემები, რომელთა გამოყოფაც რუსეთს შეუძლია, ყოველდღიურად მხოლოდ 500–600 ტონა ქაფშიის დაჭერას  მოახერხებენ მაშინ, როდესაც თევზის საწარმოებს აფხაზეთში დღეში დაახლოებით 3 000 ტონის გადამუშავება შეუძლიათ.

„თურქული გემებისთვის უარის თქმა აფხაზეთში თევზრეწვის სექტორის განადგურების ტოლფასი იქნებოდა… საიდანაც შარშან აფხაზეთის ბიუჯეტში, დაახლოებით, 200 მილიონი რუბლი შევიდა“, – განაცხადა ჭითანავამ და დასძინა, რომ რუსული თევზმჭერი გემები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ქაფშიის დაჭერაში აფხაზეთის შავის ზღვის სანაპიროს გასწვრივ.

საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე აფხაზეთში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაა. საქართველოს სანაპირო დაცვამ 2013 წელს სულ ცოტა ოთხი თურქული გემი დააკავა სეპარატისტულ რეგიონში უკანონო შესვლის გამო; მას შემდეგ ამგვარი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მსგავსი/Related

Back to top button