skip to content
ახალი ამბები

აბაშიძის თქმით, კარასინთან შეხვედრაზე ვმო–ზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმების აღსრულება განიხილება

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ შვეიცარიის შუამავლობით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებაზე  თანხმობის სანაცვლოდ მოსკოვსა და თბილისს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაზე მონიტორინგს ითვალისწინებს,  „ერთ–ერთი ცენტრალური საკითხი“ იქნება, რომელსაც ის თებერვლის ბოლოს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე განიხილავს.

საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმება ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი სეპარატისტულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე. ქართველი მომლაპარაკებლები აცხადებდნენ იმ დროს, რომ შეთანხმების ეს პუნქტი, რომელიც ერთიან „სავაჭრო რეჟიმს“ აწესებდა სამივე მონაკვეთზე, თბილისისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. შეთანხმების თანახმად, კომპანიის წარმომადგენლები ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით თითოეული დერეფნის თავში და ბოლოში განთავსდებიან ისე, რომ მათი განლაგება არ მოხდება უშუალოდ სეპარატისტულ რეგიონებში.

მონიტორინგის განსახორციელებლად შეირჩა ჟენევაში განთავსებული კომპანია SGS.

აბაშიძემ განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა SGS–სთან კონტრაქტების ტექსტზე, რომელსაც ორი დამოუკიდებელი კონტრაქტი ექნება – ერთი რუსეთთან და მეორე საქართველოსთან.
ნეიტრალური კერძო კომპანიის საქმიანობა საქართველოს და რუსეთის მიერ იმ თანხით დაფინანსდება, რაც ამ ქვეყნებში კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოს ღირებულების ექვივალენტური იქნება. კერძო კომპანია, რომელიც ანგარიშვალდებულია შვეიცარიის წინაშე, „რეგულარულად წარუდგენს ანგარიშს თავისი საქმიანობის ყველა შედეგის შესახებ ერთობლივ კომიტეტს“, რომელიც საქართველოს, რუსეთის და შვეიცარიის მიერ ჩამოყალიბდება შეთანხმების განხორციელებაზე კონტროლის მიზნით.

„ის მუშაობა, რომელიც მიმდინარეობდა [2011 წლიდან],  პრაქტიკულად დასრულებულია. ახლა ჩვენ უნდა შევჯერდეთ უკვე რუსულ მხარესთან, თუ როდის ვიწყებთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას, როდის ვაწერთ ერთობლივად  კონტრაქტებს ხელს ჩვენ კომპანიასთან“, – განაცხადა აბაშიძემ, „შემდგომ იქმნება ეს ერთობლივი კომიტეტი , რომელიც მე უკვე ვახსენე და ამის შემდეგ დაიწყება პრაქტიკული იმპლემენტაცია ამ ხელშეკრულების“. 

„აი ამ საკითხების გასარკვევად უმთავრესად ჩვენ შევიკრიბებით პრაღაში ორმხრივ რეჟიმში“, – განაგრძო აბაშიძემ, „ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორები საქმის კურსში არიან, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ამ დღეებში ბრიუსელში მექნება კონსულტაციები ზოგადად ქართულ–რუსულ ურთიერთობებზე და ალბათ შემდგომ შედგება უკვე ეს ჩვენი შეხვედრა პრაღაში“. 

მისი თქმით, შეთანხმების განხორციელების დრო უკვე მოვიდა.

აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ თავდაპირველ შეთანხმებაში, რომელსაც ორმა ქვეყანამ 2011 წელს მოაწერა ხელი, არაფერი შეცვლილა.

შეთანხმების თანახმად, საქართველომ და რუსეთმა კერძო კომპანიას უნდა მიაწოდონ მონაცემები ყველა იმ საქონლის შესახებ, რომელიც შედის ან გამოდის სავაჭრო დერეფნებიდან, მათ შორის დეტალური ინფორმაცია ტვირთის შესახებ, ტვირთის მიმღების სახელი და მისამართი, ექსპორტიორი ქვეყანა, ტვირთის წარმოშობის  ქვეყანა და საბოლოო დანიშნულების ადგილი, ანგარიშფაქტურები, გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ ინფორმაციას რუსეთი და საქართველო ყოველთვიურად ასევე გააგზავნიან ვმო–ს ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზაში – ბაზაში გაგზავნილ მონაცემებს კერძო კომპანიაც გადაამოწმებს.

საერთაშორისო მონიტორინგის სისტემის ერთ–ერთი ელემენტია „თითოეულ სავაჭრო ტვირთზე,  რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით, ელექტრონული ბეჭდის“ დასმა და ამ ტვირთებზე GPS/GPRS მიკვლევადობის სისტემის გამოყენება.   

შეთანხმების თანახმად, ხელმომწერი მხარეები, ანუ რუსეთი და საქართველო, „უზრუნველყოფენ, რომ თითოეულ სავაჭრო ტვირთზე,  რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით, დასმული იქნება ელექტრონული ბეჭედი“ და რომ „თითოეული სავაჭრო ტვირთისათვის,  რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით, გამოიყენება GPS/GPRS სავაჭრო ტვირთის მიკვლევადობის სისტემა“.

აბაშიძეს და კარასინს შორის დაგეგმილი შეხვედრა პირველი იქნება ბოლო ოთხი თვის მანძილზე. ეს შეხვედრები, რომლებიც არაფორმალურად აბაშიძე–კარასინის ფორმატის სახელითაა ცნობილი, 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და ძირითადად სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზეა ფოკუსირებული. თუმცა, მათ ბოლო შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში ოქტომბერში გაიმართა, სავარაუდოდ სეპარატისტულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი ხელშეკრულება განიხილებოდა, რომელიც თბილისმა დაგმო, როგორც რუსეთის მიერ რეგიონის „ანექსიისკენ“ გადადგმული ნაბიჯი.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომლებიც აბაშიძე–კარასინის ფორმატს დიდი ხანია აკრიტიკებენ, ხელისუფლების მიერ ამ შეხვედრების განახლება გააკრიტიკეს. ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც საქართველოს ელჩი იყო შვეიცარიაში და იმ დელეგაციაშიც შედიოდა, რომელიც 2011 წელს მოლაპარაკებებს მართავდა ვმო–ზე შეთანხმების თაობაზე, განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუმცა ამისთვის აბაშიძე–კარასინის შეხვედრა არ არის საჭირო. სანაცვლოდ, მან განაცხადა, რომ მხარეები უნდა შეიკრიბონ შვეიცარიელი შუამავლების თანდასწრებით, რათა შეთანხმების განხორციელების დაწყებაზე იმსჯელონ.

17 თებერვალს პრესკონფერენციაზე საუბრისას აბაშიძემ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, რომელთა განხილვასაც ის აპირებს კარასინთან, ასევე იქნება საქართველოს იმ მოქალაქეების ბედი, რომლებიც რუსეთში იხდიან სასჯელს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. შარშან საქართველოს გადმოეცა  საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც სასჯელს რუსეთში იხდიდნენ.

განცხადება დაგეგმილი შეხვედრის შესახებ პირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე 17 თებერვალს გააკეთა და აღნიშნა, რომ კარასინმა და აბაშიძემ სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც „რუსულ-ქართული ორმხირივი ურთიერთობების რამდენიმე პრაქტიკული საკითხი განიხილეს“. ამავე განცხადების თანახმად, ორი დიპლომატი თებერვლის ბოლოს პრაღაში შეხვედრაზე შეთანხმდა.

მსგავსი/Related

Back to top button