skip to content
ახალი ამბები

კარასინი თბილისთან მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ არანაირი „პაუზა“ არ არის თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების „ნორმალიზების პროცესში“ იმ სფეროებში, „სადაც  ეს შესაძლებელია“ და დასძინა, რომ ახლა იმაზე დაფიქრების დროა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი.

კარასინი და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე 2012 წლის დეკემბრიდან რეგულარულად ხვდებიან, რათა ორ ქვეყანას შორის, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ, სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელონ.

ბოლო შეხვედრაზე პრაღაში, რომელიც ოქტომბერში გაიმართა, ძირითადად, მხარეებმა რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ახალ ხელშეკრულებაზე იმსჯელეს, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო გაფორმებული. თბილისმა 24 ნოემბერს დაგმო ხელშეკრულების ხელმოწერა, როგორც აფხაზეთის „დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი“. ბოლო შეხვედრის შემდეგ კარასინის და აბაშიძის მომდევნო შეხვედრის თარიღი არ დათქმულა.    

„დგება დრო, როცა უნდა დავფიქრდეთ, როგორ გავაგრძელოთ პროცესი“, – იტყობინებოდნენ რუსული საინფორმაციო სააგენტოები კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით 1 დეკემბერს,  „მე არ მიყვარს ტერმინი ‘პაუზა’. ნორმალიზაცია გაგრძელდება იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია“.

„საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ ჩვენი შემდგომი მუშაობა. შესაძლოა ახალ წლამდე აღარ იყოს შეხვედრა. ვფიქრობ, რომ ახალი წლის დასაწყისში ჩვენ ვიფიქრებთ მომდევნო შეხვედრის თარიღზე“, – განაცხადა კარასინმა.  

ზურაბ აბაშიძემ განუცხადა ჟურნალისტებს 2 დეკემბერს თბილისში: „ფორმატს ვინარჩუნებთ, ამ კომუნიკაციის არხს“.

„მორიგი შეხვედრა ჯერ დანიშნული არ არის. თუ საჭირო იქნება, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავუკავშირდეთ ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ“, – დასძინა მან. 

28 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც აბაშიძე–კარასინის ფორმატის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. სანაცვლოდ, თავის განცხადებაში საპარლამენტო უმრავლესობამ მოუწოდა მთავრობას, რომ „შეაჯამოს რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში დაწყებული დიალოგის შედეგები და განსაზღვროს აღნიშნული ფორმატის სამომავლო ეფექტიანობის საკითხი“.

მსგავსი/Related

Back to top button