skip to content
ახალი ამბები

უსუფაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ–მინისტრის გადადგომა დემოკრატიულ ინსტიტუტებს დაეხმარება

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის შემცვლელი, რომელიც მიმდინარე კონსულტაციების გზით შეირჩევა, არ იქნება „სუპერ შოკისმომგვრელი სურპრიზი“ საზოგადოებისთვის.  

27 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის პოლიტიკურ თოქშოუში საუბრისას უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი არ განიხილება პრემიერ–მინისტრობის შესაძლო კანდიდატად.

მან ასევე ისაუბრა პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადადგომის თაობაზე და აღნიშნა, რომ პირადად იგი არ იქნება მოხარული ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გამო.

„ამ შემთხვევაში მე პირადად თავს ვიგრძნობ როგორც ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული პარტნიორის გარეშე ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა მან.

თუმცა, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან ხელს შეუწყობს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციურ მშენებლობას, შეამცირებს ზედმეტ დამოკიდებულებას  ერთ ლიდერზე და მმართველ კოალიციაში მთავრობის წევრების და პოლიტიკოსების პოლიტიკურ ანგარიშვალდებულებას გაზრდის.

„ბატონი ბიძინას ეს გადაწყვეტილება ორი წლის წინ, რომ ის მალე უნდა წასულიყო იყო ნაკარნახევი – და მე ამაში სრულიად ვეთანხმები – რომ თუ ის ზედმეტად დიდხანს დარჩებოდა, მაშინ ჩვენც გველოდა ის, რაც დღემდე დაემართა ყველა მმართველ გუნდს ამ ქვეყანაში, როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის ზურგს უკან ამოფარებული აღმოჩნდა ხალხი, ერთი კონკრეტული ადამიანის იმედად იყო მთელი გუნდი, იმის იმედადაც კი იყო, რომ თუ საქმე ცუდად წავიდოდა, ამ პირს დაბრალდებოდა ყველაფერი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ამიტომ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ნაბიჯით ზუსტად ის გააკეთა, რომ ძალაუფლებაც უნდა გადანაწილდეს და პასუხისმგებლობაც უნდა განაწილდეს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ბევრად მეტ სამუშაოს დაუმატებს კოალიციას და მთავრობის წევრებს.

მან ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილის წასვლა შეცვლის ქართულ ოცნებას და მას განსხვავებულს გახდის როგორც „ფორმით, ისე შინაარსით“ და ის გახდება „რეალური კოალიცია“.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად ყველამ იცის კოალიციაში, რომ თუ პარტნიორებს შორის კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, ეს სადავო საკითხი პრემიერ–მინისტრს წარედგინება, რომელსაც საბოლოო სიტყვა აქვს, რაც ყველაფერს დამოკიდებულს ხდის ამ ერთ პიროვნებაზე.

ამ ფაქტორის მოხსნა, განაგრძო უსუფაშვილმა, უბიძგებს კოალიციას, რომ ინსტიტუციონალიზირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჩამოაყალიბოს, მათ შორის სადავო საკითხებზე გადაწყვეტილების კენჭისყრის ან სხვა მექანიზმების მეშვეობით მისაღებად.

„რა თქმა უნდა, ეს რთულია. საქართველოში ეს პირველად ხდება – მაგრამ მანამდე როგორც ხდებოდა, ან ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული საძალაუფლებო სისტემა, ყველა დასრულდა კრახით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როდესაც მას ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მზად არის ამგვარი მოდელისთვის, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. მისი თქმით, მხოლოდ თეორიულად ცურვის სწავლა შეუძლებელია და ამას პრაქტიკაც სჭირდება.

მან უარყო ოპონენტების წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილი „კულუარული“ ლიდერი და დე ფაქტო გადაწყვეტილების მიმღები გახდება. 

„რაში სჭირება მას ეს… მას ეს არ შეუძლია… ის არ აპირებს ჩვენ ასე მოგვეპყროს და ჩვენ არ ვაპირებთ მას ასე მოვეპყროთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა 25 სექტემბერს, რომ იმ სამი შესაძლო კანდიდატიდან, რომელსაც ის მთავრობის მის შემდგომ ხელმძღვანელად განიხილავდა, „პრინციპში არჩევანი გაკეთებული მაქვს“, მაგრამ ჯერ მის დასახელებას არ აპირებს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებიდან ყურადღების გადატანა არ მოხდეს და ზედმეტი აჟიოტაჟი არ გამოიწვიოს. ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადეს, რომ ისინი ჩართული არიან კონსულტაციებში პრემიერ–მინისტრის შერჩევის მიზნით; არც ერთი მათგანი პროცესზე არ საუბრობს, მხოლოდ აცხადებენ, რომ ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგანაც ეს ყურადღებას გადაიტანს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button