skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში დახმარებას სთავაზობს

მოსკოვმა თბილისს სირიიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარება შესთავაზა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ის ტელეფონით ესაუბრა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს და შესთავაზა, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც სირიის დატოვება სურთ, შეუძლიათ ამ მიზნით რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავებით ისარგებლონ,  რომლებიც მისი, თქმით, რეგულარულ რეისებს ასრულებენ სირიაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად.

„ჩვენ მედიიდან გავიგეთ, რომ სიარიაში საქართველოს დაახლოებით 20 მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ვერ გადიან ამ ქვეყნიდან და ვერ ბრუნდებიან სამშობლოში. და ჩვენ კეთილმეზობლობისა და კეთილი ნების სულისკვეთებით ვუთხარით, რომ თუ ადამიანებს აქვთ სახლებში დაბრუნების პრობლემა, მაშინ მათ შეუძლიათ მიმართონ ჩვენს საელჩოს [სირიაში]“, – განუცხადა კარასინმა „რია ნოვოტის“ 4 სექტემბერს.

მისი თქმით, ეს შეთავაზება მოსკოვის ინიციატივაა და მსგავსი თხოვნა თბილისიდან არ წამოსულა.

„[მოსკოვმა] გადაწყვიტა მეგობრობის ხელის გაწვდენა“, – განაცხადა კარასინმა, „ჩვენ ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავთ ამაში. ეს სრულიად შეესაბამება კეთილმეზობლობის სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ“.

მანამდე იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  განაცხადა, რომ თბილისმა მოსკოვისგან სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების წინადადება მიიღო.

„მე მივესალმები, ძალიანაც კარგია“, – განაცხადა მან.

ეს ფაქტი ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას მოიყვანა, როგორც რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური მაგალითი.

„მე მგონია დადებითი დამოკიდებულებაა რუსეთის მხრიდან და ასეთი განწყობაა და არა ის, რომ  დაიპყრონ საქართველო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იმავე პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში წინსვლაა და დღეს იმაზე უკეთესია სიტუაცია, ვიდრე ის მთავრობის სათავეში მოვიდოდა.

სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „სირიის საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან გვაშფოთებს… განსაკუთრებით სამწუხარო იყო ქიმიური იარაღის გამოყენება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button