skip to content
ახალი ამბები

ალასანია ნატოზე, რუსეთსა და შიდა პოლიტიკაზე

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის წლის ბოლოდან აქტიური დისკუსიების დაწყებას ელის 2014 წლის ნატოს სამიტის წინ, თუ რა იქნება „შემდგომი ნაბიჯი“ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველოს მისწრაფებაა გახდეს ნატოს წევრი და აქამდეც მოვახდინეთ დემონსტრირება და კვლავაც ვაჩვენებთ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ადეკვატურ შეფასებას და ადეკვატურ პასუხს [ნატოს მოკავშირეებისგან] მომავალი ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ალასანიამ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე 21 აგვისტოს.

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ირაკლი ალასანიამ ურჩია ნატოს წევრებს იფიქრონ იმ „რისკებზე, რაც უმოქმედობასთან არის კავშირში“. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, „უმოქმედობა“ და წევრობის მიღებისკენ ასპირანტი ქვეყნების მხრიდან მიმართული მცდელობების შესაბამისი დახმარების გარეშე დატოვება, „არასწორ სიგნალს“ გაუგზავნის რუსეთს.

„ჩვენ იმის დემონსტრირება უნდა მოვახდინოთ, რომ რუსეთს არაფერი ეთქმის ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებში“, – განაცხადა მან, „ჩვენ სამაგალითო არჩევნები გვექნება, რომელიც აჩვენებს, რომ მზად ვართ ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯისთვის“. 

მისი თქმით, ჯერ კიდევ განსასაზღვრია, თუ რა შეიძლება იყოს ეს შემდგომი ნაბიჯი.

აპრილში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიზნად დაისახა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება ალიანსის 2014 წლის სამიტისთვის. თუმცა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ივანიშვილმა 26 ივნისს თბილისში განაცხადა, რომ „MAP არ არის ისეთი თემა, რომელიც უნდა აიწიოს“.

ალასანიამ 21 აგვისტოს ვაშინგტონში განაცხადა, რომ არ არის საჭირო გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა ნატოს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოსთან ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ნატოს მოკავშირეებსაც ესმით საქართველოსთვის სპეციფიური ნაბიჯების შეთავაზების საჭიროება.

ამ საკითხზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „მოგვიწევს დაველოდოთ არჩევნებს საქართველოში და ასევე გერმანიაში“ და ამის შემდეგ დაიწყოს იმის განსაზღვრა, თუ რა ტიპის შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას. 

თავის გამოსვლაში ალასანიამ ხაზი გაუსვა გერმანიის ძალიან მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. 

„ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ გერმანიასთან ურთიერთობებში. ასევე ვფიქრობთ გერმანელებთან ერთად მუშაობაზე ჩრდილოეთ ავღანეთში პოსტ-ISAF მისიაში, მათი სარდლობის ქვეშ“, – განაცხადა ალასანიამ.

ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის „საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტია“; მან ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკურ საბჭოს უკვე გადაწყვეტილი აქვს 2015 წელს საქართველოს ჩართვა ნატოს რეაგირების ძალებში; მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ღირებულად მიიჩნევენ ქართულ ჯარს და საქართველოს თავდაცვის სისტემას“.

თავის პრეზენტაციაში ალასანიამ ხაზი გაუსვა, რომ ასევე უნდა აღინიშნოს წინა მთავრობების როლი იმ პროგრესში, რასაც საქართველო ამჟამად აღწევს.

„საქართველო, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, წინა ადმინისტრაციებში მომუშავე უამრავი ადამიანის მძიმე შრომის შედეგია. პირველმა პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა, პრეზიდენტი შევარდნაძე ფაქტიურად პირველი იყო, რომელმაც დაიწყო საუბარი ნატოზე და ნატოში საქართველოს მომავალზე. შემდეგ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველა მცდელობა გაატარა ამ პროგრესის მისაღწევად და ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა წამოიწყო უფრო მეტი ინტეგრაციისთვის და საქართველოს სახელმწიფოს მოდერნიზაციისთვის. და ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს და დავაფასოთ და შემდგომი მოქმედებები დავაფუძნოთ იმ მყარ ფუნდამენტს, რომელსაც საფუძველი წინა ადმინისტრაციებმა ჩაუყარეს“, – განაცხადა მან.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ სირთულეების მიუხედევად, პოლიტიკური თანაარსებობა მაინც შესაძლებელი გახდა საქართველოში. „იმის მიუხედავად, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები და ძალიან ბევრი ემოცია დაიღვარა არჩევნების შემდეგ, ახლა, ვფიქრობ, რომ ვითარება დალაგდა“, – განაცხადა მან. 

აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა

ალასანიას საჯარო გამოსვლა ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტში მას შემდეგ შედგა, რაც მან აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჩაკ ჰეიგელთან 21 აგვისტოს პენტაგონში ორმხრივი შეხვედრა გამართა.

მან განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან განიხილა, თუ როგორ უნდა „გაფართოვდეს სამხედრო თანამშრომლობა“. ალასანიას თქმით, მოლაპარაკებების დროს დადასტურდა, რომ იმ შეთანხმების ექვსივე პუნქტი, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრეზიდენტმა ობამამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშესაწყობად 2012 წლის იანვარში თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს, „სრულად განხორციელდება“. „თუმცა, ეს არ მოხდება ერთ ღამეში“, – დასძინა მან.

მისი თქმით, ამერიკისგან ან სხვა რომელიმე პარტნიორისგან თავდაცვის საშუალებების შეძენამდე, საქართველოს ჯერ სჭირდება შეისწავლოს, თუ როგორ უნდა მოუაროს ამ სისტემებს.

„ჩვენ გვსურს მეტი ინვესტიცია გავიღოთ ტრეინინგებში, განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში, რათა შეგვეძლოს თავდაცვის იმ საშუალებების შენახვა, რომელთაც შევისყიდით“, – განაცხადა ალასანიამ.

პრეზენტაციის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს თავდაცვის სისტემა არც ისეთი სუსტია, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ“.

ივანიშვილის შესაძლო გადადგომა ‘ტრაგედია არ არის’

კითხვაზე ფიქრობს თუ არა ის, რომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის განცხადება შესაძლო გადადგომის თაობაზე პოლიტიკურ გაურკვევლობას გამოიწვევს, ალასანიამ უპასუხა: „როგორც პარტნიორი, როგორც მოკავშირე მე ვურჩევ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ გააკეთოს ეს“.

„მაგრამ მეორეს მხრივ, ის თავიდანვე ამბობდა, რომ არ აპირებდა დიდი ხნით დარჩენას [მთავრობაში] და ვიცოდით, რომ დადგებოდა მომენტი, როცა ის ამის შესახებ საუბარს დაიწყებდა. და ეს დროს დადგა. ჯერ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ მოხდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ალასანიამ.

თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილის შესაძლო გადადგომა „არ იქნება ტრაგედია“.

„ეს გამაჯანსაღებელიც კი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. საქართველოს [პოლიტიკური სისტემის] ერთ-ერთი ნაკლია ძალიან ბევრი მძიმეწონიანი პოლიტიკოსის არსებობა… ისინი დომინირებენ მთელ პოლიტიკურ სივრცეს“,- განაცხადა მან.

„ვფიქრობ, რომ თუ ის წავა პოლიტიკიდან – და როგორც ჩანს ის ამას გააკეთებს, მაგრამ ჯერ ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როდის – მე ვფიქრობ, რომ უფრო კონკურენტული გარემო ექნებათ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს განვითარებისთვის… ამდენად, ვფიქრობ, რომ ეს სასარგებლო იქნება საქართველოს მომავალი დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის. ის [ივანიშვილი] სიტყვის კაცია; ჯერ-ჯერობით მის მიერ ნათქვამის და შესრულების მაჩვენებელი ძალიან მაღალია“, – განაცხადა ალასანიამ.

რუსეთთან ურთიერთობები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი მთავრობის „ახალი პოლიტიკა“ რუსეთთან მიმართებაში, რაც ასევე მოიცავს რიტორიკის შერბილებას და პირდაპირი დიალოგის დაწყებას ეკონომიკურ საკითხებზე, საქართველოს მეტ შესაძლებლობას მისცემს ფოკუსირება მოახდინოს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებსა და ეკონომიკაზე, ისევე როგორც დაეხმარება საერთო ენის გამონახვაში აფხაზებთან და ოსებთან.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისს არ აქვს იმის ილუზია, რომ რუსეთი შეიცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ან ნატოში მისწრაფების მიმართ.

სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში ალასანიამ განაცხადა: „საქართველოსთან ერთად ევროპული მომავალი მათთვის უფრო სარფიანი იქნება, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩენა; ეს დროის და მოთმინების საკითხია“. მან ასევე დასძინა, რომ დარწმუნებულია აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი „საკმაოდ მალე“ დაიწყება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გასუვა, რომ ამჟამინდელმა მთავრობამ ღიად განაცხადა მზადყოფნის შესახებ დახმარება გაუწიოს რუსეთს 2014 წლის ზამთრის სოჭის ოლიმპიური თამაშების  უსაფრთხოების საკითხებში.

„ჩვენ არ გვსურს რაიმე საბაბი მივცეთ ვინმეს, რომ დაადანაშაულოს საქართველო იმაში, რომ არ თანამშრომლობს და არ შეაქვს წვლილი ოლიმპიადის უსაფრთხო გარემოში. ომისა და რუსეთის მიერ ოკუპაციის ამ ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ფონზეც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არის საკითხი, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ყველასთან რეგიონში“, – განაცხადა მან.

ალასანიას თქმით, ასევე შესაძლოა გაჩნდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაც.

ისრაელთან ურთიერთობები

ისრაელთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ალასანიამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ცოტა ხნის წინანდელმა ვიზიტმა ისრაელში „უზარმაზარი წარმატებით“ ჩაიარა.

მისი თქმით, თელავივს გააჩნდა გარკვეული წუხილები საქართველო-ირანის ურთიერთობებთან მიმართებაში და ქართულმა მხარემ ამ მხრივ არსებული წარმოდგენები შეუმსუბუქა.

„ისინი დარწმუნებულები არიან, რომ რაც არ უნდა ვაკეთოთ ჩვენ რეგიონში და ირანთან [ურთირთობებში], ეს არ იქნება ისრაელის წინააღმდეგ მიმართული“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ ის მოელის, რომ მისი ვიზიტი ისრაელში მალე შედგება.

„ისრაელი იყო ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების შექმნის საქმეში… ვიმედოვნებთ, რომ განვაგრძობთ ამას“, – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button