
პარლამენტმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც იმ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში სამართალდამცავებს ნებაყოფლობით ჩააბარებენ უკანონოდ მოპოვებულ ფარული ჩანაწერებს.
კანონპროექტის ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან ეკა ბესელიამ საპარლამენტო განხილვის დროს ხაზი გაუსვა, რომ ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც პირადი ცხოვრების ამსახველი თუ სხვა სახით ინფორმაციები უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს ან გაავრცელეს.
მისი თქმით, ამნისტია მხოლოდ იმ პირებს შეეხებათ, ვინც უკანონო ჩანაწერების ასლებს საგამოძიებო ორგანოებს გადასცემს. ბესელიამ ასევე არ გამორიცხა, რომ ერთთვიანი ვადა, რა დროსაც ამ მასალების წარდგენა იქნება შესაძლებელი, კანონპროეტის მეორე მოსმენისთვის, სამ თვემდე გაიზარდოს.
უკანონოდ მოპოვებული ვიდეო თუ აუდიო ფაილების რაოდენობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში დაცულ არქივში ბოლო პერიოდში 24 ათასამდე გაიზარდა. არსებობს ეჭვები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ამ არქივში არსებული ან სხვა უკანონო მასალების ასლები ჰქონდეთ გატანილი ინდივიდუალურ პირებს.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა საპარლამენტო განხილვების დროს, რომ მისი პარტია მხარს არ უჭერს ამგვარი ამნისტიის აქტს. მისი თქმით, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ რაც შეიძლება მეტი მასალა ამოიღოს, რათა უკანონო ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დროს არსებულ „უმსგავსობაზე“, როგორც „სისტემურ დანაშაულზე“, სრული პასუხისმგებლობა დაეკისროს ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო პასუხიმგებლობის თავიდან აცილება მოახერხონ კონკრეტულმა დამნაშავე პირებმა. მან ასევე განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ დანაშაულებთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ყველა დამნაშავემ, მიუხედევად იმისა თუ რა თანამდებობა ეკავა, სათანადოდ უნდა აგოს პასუხი.