skip to content
ახალი ამბები

უფლებადამცველებს კითხვები აქვთ ფინანსური პოლიციის ქმედებების მიმართ

უფლებადამცველები აკრიტიკებენ იმ შესაძლო პროცესუალურ დარღვევებს, რომელსაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქმედებებში თბილისის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში.

საგამოძიებო სამსახურმა 27 ივნისს დილით დააკავა თბილისის მერიისა და საკრებულოს 23 წარმომადგენელი და ცოტა ხანში გაათავისუფლა. სამსახურმა განაცხადა, რომ ისინი მოწმის სახით დაიკითხნენ. თუმცა ეს პირები და მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი ხელბორკილებით მიიყვანეს საგამოძიებო სამსახურში, აპირებდნენ მათ დაპატიმრებას, რაც შემდგომ გადაიფიქრეს და მათ მიმართ დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, რაზეც პროკურატურაში უკვე შეტანილია შესაბამისი საჩივარი. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, რომლებმაც მომხდარი პოლიტიკურ დევნად შეაფასეს, განაცხადეს, რომ მთავრობამ, სავარაუდოდ, იმიტომ გადაწყვიტა დაკავებულების გათავისუფლება, რომ თავიდან აეცილებინა სკანდალი, რადგანაც სწორედ იმ დღეს საქართველოს ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ვიზიტი მთავრდებოდა. 27 ივნისს ღამით საგამოძიებო სამსახურმა, დილით გათავისუფლებული 23-კაციანი ჯგუფიდან, ოთხი მაღალჩინოსანი, მათ შორის თბილისის მერის მოადგილე, დააკავა 49 მლნ ლარამდე საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოფისი სწავლობს მომხდარს, რა დროსაც „გარკვეულ დარღვევებს ქონდა ადგილი“. 

„მთავარი ჩემთვის არის ის, რომ მანამდე სანამ საქმე იქნება შესწავლილი, ჩემთვის არის ძალიან ცხადი, რომ ის ფორმები, როგორც მოხდა ამ ადამიანების დაკავება, არის ღირსების შემლახავი, მხოლოდ და მხოლოდ ფორმებზეა აქ საუბარი და კითხვის ნიშნებს ვსვამთ რამდენად ლეგიტიმური და  რამდენად ადექვატური იყო საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ ფორმების გამოყენება მერიის და საკრებულოს თანამშრომლებზე“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

იმავდროულად, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ  – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო-გამჭირვალობა- საქართველომ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ  – 28 ივნისს გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საგამოძიებო სამსახურის სავარაუდოდ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები „ჩრდილს აყენებს“ თბილისის მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ  მიმდინარე საქმის გამოძიებისადმი ნდობას.

„გვსურს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შევახსენოთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ადამიანის მიმართ თავისუფლების შეზღუდვის და იძულების ღონისძიების გამოყენება უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება. საპროცესო კოდექსი ცალსახად კრძალავს მიყვანის, როგორც იძულების ღონისძიების გამოყენებას, მაშინ როცა პირს წინასწარ არ მისცეს საგამოძიებო ორგანოში ნებაყოფლობით გამოცხადების შესაძლებლობა. მოულოდნელი ხასიათის საპროცესო ღონისძიებები, როდესაც ადამიანმა არ იცის, თუ რა სურს მისგან საგამოძიებო ორგანოს და რატომ ხდება მის მიმართ იძულების გამოყენება, არამარტო არღვევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, არამედ ეჭვქვეშ აყენებს საქმეზე ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების ლეგიტიმურ ინტერესებს და მომავალში სამართლიანი სასამართლოს უფლებით ჯეროვნად სარგებლობის შესაძლებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში. 

სამი ორგანიზაციის განცხადებით, „გაუგებარი დარჩა“, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა "იძულებით მიყვანა", შემდეგ გათავისუფლება, ხოლო საღამოს საათებში ოთხი პირის კვლავ დაკავება, რაზეც საგამოძიებო სამსახურმა „საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს დამაჯერებელი და სამართლებრივად დასაბუთებული პასუხი ვერ გასცა“.

„მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, ერთის მხრივ მომავალში თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევისაგან, ხოლო მეორეს მხრივ ობიექტურად და ეფექტურად გამოიძიონ ზემოაღნიშული ფაქტები“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button