skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი მუქარის შემცველ ვიდეოსთან დაკავშირებულ გამოძიებაზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 19 ივნისს, რომ გამოძიების ერთ–ერთი ვერსიით მუქარის შემცველი ვიდეოს უკან შესაძლოა ისეთი ადამიანი იყოს რომელმაც ძალიან კარგად იცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ–ოპერატიული საშუალებები და რესურსები.

YouTube–ზე დადებული ვიდეო-რგოლი სათაურით „თალიბანის ჯიჰადი ავღანეთში ქართველი სამხედროების წინააღმდეგ“, სადაც ნახსენებია პრეზიდენტი სააკაშვილიც და მამაკაცის ხმა ინგლისურად ქართველ სამხედროებს, მათ ოჯახებს ემუქრება და საქართველოში ბრძოლის გადმოტანის შესახებ აფრთხილებს, ინტერნეტში 6 ივნისს გაჩნდა; თუმცა ყოველთვის არსებობდა ეჭვები იმის თაობაზე, რომ ვიდეორგოლი თალიბანის იმიტაციის სუსტი მცდელობა იყო. შს მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა 11 ივნისს, რომ ვიდეო საქართველოდან აიტვირთა და  IP მისამართი  და ადგილმდებარეობა იდენტიფიცირებულია.

როდესაც მას ამ ვიდეოსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ჰკითხეს, ღარიბაშვილმა განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში 19 ივნისს, რომ  IP მისამართის დადგენა საკმარისი არ არის საქმის გასახსნელად და დასძინა, რომ ეს „ძალიან რთული პროცესია“, რადგანაც „საქმე გვაქვს კიბერ დანაშაულთან“.

„იმის თქმა, რომ IP მისამართი დადგენილია და ძალიან მარტივია დამნაშავეების დაკავება, ეს ძალიან პრიმიტიული ნათქვამია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, თუმცა გამოძიება რამდენიმე ვერსიას ამუშავებს, რომ ეს არის გაკეთებული პროფესიონალების მიერ, რომელთაც ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ უნდა გაეკეთებინათ რამდენიმე ალიბი და გადაეფარათ რისკები. მე პირდაპირ გეტყვით აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ჩვენ ერთ–ერთ ვერსიად ვამუშავებთ იმას, რომ არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს გაკეთებული იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ძალიან კარგად იცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ–ოპერატიული საშუალებები და რესურსები და შესაბამისად მას აქვს ნამუშევარი ძალიან ჭკვიანურად, ძალიან კარგად აქვს გადაფარული რისკები“, – განაცხადა მან.

„თუმცა, ჩვენ ამ საქმეში, მე როგორც განვაცხადე უკვე, აქტიურად გვეხმარება ამერიკის მხარე, კერძოდ გამოძიების ფედერალური ბიურო; მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ საქმეს ჩვენ გავხსნით“, – დასძინა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ შსს-ს რამდენჯერმე დასდო ბრალი გამოძიების განზრახ გაჭიანურებაში. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გაჭიანურების მიზეზი იყო შსს–ს მცდელობა, რომ მიეჩქმალა საქმე. დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გივი თარგამაძემ და რამდენიმე მისმა თანაგუნდელმა კოლეგამ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა ამ ვიდეოების უკან მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კოკა ყანდიაშვილი იდგეს და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდეს. ყანდიაშვილმა განაცხადა, რომ ის „ნაც. აქტივისტების ბოდვაზე“ პასუხის გაცემას არ აპირებს და სანაცვლოდ ზოგიერთ მედია საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თითი გაიშვირა ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორის და სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირის გიორგი არველაძისკენ, როგორც 2010 წლის მარტში "მოდელირებული ქრონიკის" ერთ-ერთი შემქმნელისკენ. არველაძემ ამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საქმის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა, 11 ივნისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია ამ საკითხის განხილვის მიზნით. პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც სხდომას არ დაესწრო, განაცხადა 11 ივნისს, რომ ამგვარი ვიდეოების დამზადება უფრო დამახასიათებელია ნაციონალური მოძრაობისთვის, ვიდრე მისი გუნდისთვის და ამ კონტექსტში მან „მოდელირებული ქრონიკა“ ახსენა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button