skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მუქარის შემცველი ვიდეო საქართველოდან აიტვირთა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი სამხედროების წინააღმდეგ გასულ კვირას მუქარის შემცველი ვიდეო-რგოლის გავრცელებას არაფერი აქვს საერთო თალიბანთან და ის საქართველოდან აიტვირთა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა: „შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ვიდეოს წარმოშობას არაფერი აქვს საერთო თალიბებთან“.

„არსებული მონაცემებით, თუმცა მე ჯერ კიდევ არ მინდა ვიჩქარო გამოძიების დასრულებამდე, ვიდეო ატვირთულია საქართველოდან“.

„IP მისამართი არის იდენტიფიცირებული და ადგილმდებარეობა არის დადგენილი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თქვენ იცით, რომ ჩართულები არიან FBI–ის წარმომადგენლები; ჩვენ აქტიურად გვეხმარება ამერიკული მხარე, ასევე ისრაელის მხარე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

YouTube–ზე დადებული ვიდეო-რგოლი სათაურით „თალიბანის ჯიჰადი ავღანეთში ქართველი სამხედროების წინააღმდეგ“, სადაც ნახსენებია პრეზიდენტი სააკაშვილიც და მამაკაცის ხმა ინგლისურად ქართველ სამხედროებს, მათ ოჯახებს ემუქრება და საქართველოში ბრძოლის გადმოტანის შესახებ აფრთხილებს, ინტერნეტში 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში ქართველ სამხედროებზე განხორციელებულ იმ თავდასხმამდე გავრცელდა, რის შედეგადაც შვიდი ქართველი სამხედრო დაიღუპა. 13 მაისს განხორციელებულ ანალოგიურ თავდასხმას ჰელმანდში სამი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.

ეს ორი საკითხი ეროვნული უშიშროების საბჭოს 11 ივნისის სხდომის დღის წესრიგის მთავარი თემები იყო. სხდომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიწვია მას შემდეგ, რაც 8 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრს მოსთხოვა, რომ დაუყონებლივ გამოევლინა ის პირები, ვინც გაავრცელა და ვისი დაკვეთითაც მომზადდა ეს ვიდეო. სააკაშვილის ვარაუდით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭიანურებდა გამოძიებას; დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდეს; მათ განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ნელა იძიებს საქმეს და ივარაუდეს, რომ ამით სამინისტრო შესაძლოა ცდილობს ხელი დააფაროს იმ პირებს, რომლებიც ვიდეო–რგოლის უკან დგანან.

ღარიბაშვილმა უარყო ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დეპუტატის მიერ გამოთქმული ბრალდებები, რომ გამოძიება ძალიან ნელა მიმდინარეობს და მათ „არაკომპეტენტური“ უწოდა.

„მათ უბრალოდ წარმოდგენა არ აქვთ გამოძიებაზე, ან უბრალოდ ეს არის ჩვეულებრივი პიარი“, – განაცხადა მან, „თუ ისინი არ ენდობიან FBI-სთან ერთად წარმოებულ გამოძიებას, მაშინ გამოვიდნენ და ღიად თქვან. თუ არა და, მაშინ ნება იბოძონ და დაელოდონ გამოძიებას“.

„ამ ვიდეო გავრცელების მიზანი, პირველადი შეფასებით, არის ალბათ საზოგადოებაში პანიკის დათესვა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს, ავღანეთში ქართველ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდებოდა, რომლის დროსაც შვიდი ქართველი სამხედრო დაიღუპა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მან ინფორმაცია მიაწოდა საბჭოს იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ავღანეთში ქართველი სამხედროების უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე ასევე ესწრებოდნენ საბჭოს სხდომას.

უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ; დაზვერვის სამსახურის უფროსმა გელა ბეჟუაშვილმა; უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მოადგილეებთან ერთად; საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და ვიცე-სპიკერმა ნაციონალური მოძრაობიდან გია ბარამიძემ; ასევე თბილისის მერმა გიგი უგულავა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა. 

სხდომას პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი არ დასწრებია. მანამდე 11 ივნისს მან განაცხადა, რომ ძალიან დიდი ხმაურია საბჭოს სხდომების თაობაზე, რომლის მოწვევებიც პრეზიდენტმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ საბჭოს ეფექტურობა ეჭვქვეშ დააყენა.

„დღის წესრიგი ვნახე… ჩემთვის არცერთი [საკითხი] არ არის ამ ეტაპზე საინტერესო, რომ მე ამ შეკრებაზე წავიდე“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სამშაბათს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს მოწვევა მნიშვნელოვანია, რათა „გავარკვიოთ აქვს ფუნქცია ამ საბჭოს? არის ის ქმედითუნარიანი? არის საჭირო მისი დაფინანსება თუ არა?“.

„მე ჯერ უნდა დავრწმუნდე, ვთქვათ საკითხები უნდა იყოს ისეთი, რომ აუცილებელია და სასწრაფოდ მისასვლელია, მერე უნდა დავრწმუნდე, რამდენად ქმედითუნარიანია ეს სტრუქტურა და რა მოხდება დღეს ესეც დავინახოთ და მომავალში რატომაც არა [შესაძლებელია მონაწილეობა], თუკი დავრწმუნდებით, რომ საკითხები ისმევა არა საკითხებისთვის და არა იმისთვის, რომ შეკრება მოხდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თავის შესავალ სიტყვაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა:  „თქვენ ალბათ დარწმუნდით ისინი, ვინც იყავით წინა სხდომაზე, რომ ამ ფორმატში, დახურულ კარს მიღმა ბევრი საკითხი ბევრად უფრო ადვილად წყდება“.

შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი პატივს სცემს ინსტიტუტებს, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს, „თუმცა, დღეის მდგომარეობით, მე მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად არაეფექტური და უუნარო უშიშროების საბჭო“.

„ძალიან ვწუხვართ, რომ ბატონ ღარიბაშვილს ეს პოზიცია აქვს“, – განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ამგვარი პოზიციის გამოხატვა სავარაუდოდ ღარიბაშვილის მცდელობაა, რომ გაამართლოს პრემიერ–მინისტრის „უპასუხისმგებლო საქციელი“, რომელიც უკვე მეორედ არ დაესწრო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას.

სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საბჭოს ცალკე სხდომა ჩატარდება იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც პრეზიდენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შერჩეული ელჩების კანდიდატების წარდგენის გაჭიანურებას ეხება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button