skip to content
ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძემ კრაკოვში შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 17 მაისს კრაკოვში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის და ვიშეგრადის ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოსთან ერთად შედიან აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი, ხოლო ვიშეგრადის ჯფუფს ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი წარმოადგენენ. 

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტერიალზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკის განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. 

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ დეკლარაციაში ვიშეგრადის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ირლანდიამ და ლიტვამ "ძლიერი მხარდაჭერა" გამოხატეს მოლდოვასთან, საქართველოსთან და სომხეთთან ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირების მიმართ.

"ისინი ასევე მიესალმნენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის განხორციელებაში მიაღწია", – ნათქვამია დეკლარაციაში.

"კრაკოვში ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ და ვილნიუსში წლის ბოლოსთვის წარმატებული სამიტის ჩატარების სურვილი გამოვთქვით. ნამდვილად მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა აღმოსავლეთით დაინახონ მათ მიმართ ჩვენი ერთგულების სიძლიერე", – განაცხადა კეტრინ ეშტონმა.

მაია ფანჯიკიძემ ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა ასევე კეტრინ ეშტონთან.

„ვილაპარაკეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ვილაპარაკეთ იმის შესახებ, თუ რა  პროგრესს მიაღწია საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში, როგორ მიმდინარეობს მზადება ვილნიუსის სამიტისთვის საქართველოს მხრიდან, ვილაპარაკეთ ჟენევის მოლაპარაკებებზე, აბაშიძე –კარასინის ფორმატის მნიშვნელობაზე და მათ მომავალ შეხვედრაზე, აგრეთვე რეზოლუციაზე, რომელსაც 13 ივნისს გავა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფანჯიკიძემ.

მსგავსი/Related

Back to top button