
სამშენებლო კომპანიის დირექტორი გირაოთი გაათავისუფლეს
სამშენებლო კომპანიის დირექტორი და თანამფლობელი, გიორგი ქელბაქიანი, რომელსაც ახლო ურთიერთობები აქვს თბილისის მერთან გიგი უგულავასთან და რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო კორუფციული სქემების განხორციელებაში ადანაშაულებს, 150 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
გიორგი ქელბაქიანი სამშენებლო კომპანიის, შპს „ენ სი სი“–ს აქციების 70%–ის მფლობელია.
მას „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია“ ედება ბრალად და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
სასამართლომ ამავე საწარმოს ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე, რომელიც იმავე ბრალდებით დააკავეს, პატიმრობაში დატოვა.
ქელბაქიანმა განაცხადა გათავისუფლების შემდეგ, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები „აბსურდულია“.
სამშენებლო კომპანია მონაწილეობს თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიმდინარე სამშენებლო პროექტებში, მათ შორის რიყის პარკში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპანია თბილისის მერიის დაკვეთით ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს და 2009 წლიდან დაკვეთის საერთო ღირებულებამ 200 მილიონ ლარამდე შეადგინა.
„დედაქალაქის საბიუჯეტო სახსრებიდან გაცემული თანხების განკარგვას კომპანია „ენ–სი–სი“ სხვადასხვა კორუფციული სქემებით ახორციელებდა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 ნოემბერს და დასძინა, რომ ერთი–ერთი ასეთი სქემის ფარგლებში 2009 წლიდან 2012 წლამდე „ენ–სი–სი“–მ ერთ–ერთ ქვეკონტრაქტორს, დაახლოებით, 6.58 მილიონი ლარი გადაურიცხა, საიდანაც „ქელბაქიანმა და ჩოგოვაძემ ე.წ. „ატკატის“ სახით უკან დაიბრუნეს 2.53 მილიონი ლარი“.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც ამბობს, რომ ქელბაქიანი მისი მეგობარია, განაცხადა 21 ნოემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქელბაქიანის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
უგულავამ განაცხადა, რომ „ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მისი დაკავების შედეგად, ახალი ხელისუფლება თვითმმართველობაზე ზეწოლას ცდილობს“.
„მივმართავ პრემიერ ივანიშვილს: რადგან თქვენს კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტები ნერვებს გიშლით, გირჩევთ მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით“, – განაცხადა უგულავამ, რომელსაც ცოტა ხნის წინ სიყვიერი დაპირისპირება მოუვიდა პრემიერ-მინისტრთან.
შსს–მ ასევე განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანია უკვე წლებია არ იხდის გადასახადებს.
This post is also available in: English Русский