skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი რუსეთის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს ელის

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში არ ჩავა, თუმცა დასძინა, რომ მზადაა რუსეთის ოფიციალურ პირებს მესამე ქვეყანაში შეხვდეს.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ, არ იცის, თუ კიდევ რა კონკრეტულ ნაბიჯებს ელის მოსკოვი მისგან.   

„რუსეთში ჩემი ვიზიტი ვერ შედგება ელემენტარული მიზეზის გამო, რომ რუსეთს საელჩოები აქვს აფხაზეთსა და [სამხრეთ] ოსეთში“, – განაცხადა ივანიშვილმა 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც ჰკითხეს აპირებდა თუ არა მოსკოვში ჩასვლას.

„თვითონ რუსეთში ვერ შედგება [ვიზიტი], მაგრამ შეიძლება რუსეთს გარეთ, ევროპაში, ან სადღაც მოხერხდეს შეხვედრა და ამაზე ჯერ საუბარიც არ დაწყებულა… საუბედუროდ, ჩემი სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის დონეზეც ვერ მოხერხდა ჯერ პირველი შეხვედრა… ასეთ პირობებში, მე რუსეთში ვერ ჩავალ და გარეთ შეხვედრაზე ჯერ საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა მან.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა სინანული იმის გამო, რომ რუსეთმა არ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე „ძალიან ღირსეული“ გადაწყვეტილების „შესატყვისი“ იქნებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ნოემბერს, ორ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალმა პრემიერ–მინისტრმა რუსეთში ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისისგან „კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების “ გადადგმას ელის.

„მე მგონი, რუსეთი ცოტა უფრო გვიან კარგად გააანალიზებს [მის გადაწყვეტილებას სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობზე]“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ის პასუხი, რაც იყო, რომ უფრო კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას – წარმოუდგენელია, რა შეიძლება გავაკეთო კიდე და ველოდები, იქნებ რაღაც გადაწყვეტილება შეიცვალოს და რაღაც ნაბიჯები გადაიდგას რუსეთის მხრიდანაც“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button