skip to content
ახალი ამბები

კეტრინ ეშტონი საქართველოს ეწვევა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი 26 ნოემბერს საქართველოს ეწვევა, რის შემდეგაც ის ყირგიზეთს, უზბეკეთს, ტაჯიკეთსა და ყაზახეთს ესტუმრება.

საქართველოში იგი პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს შეხვდება.

ვიზიტამდე კეტრინ ეშტონმა განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, რომ საქართველომ მიიღო „დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება, დემოკრატიული ტრანზიცია“.

„მე ვეტყვი პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს, რომ ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ როგორც პრემიერ–მინისტრს, მას სურს თავისი ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებს მოახმაროს საკუთარი ენერგია, [ვეტყვი] რომ მან თავისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზეც უნდა იფიქროს და უნდა უზრუნველყოს, რომ ყველაფერს რასაც აკეთებს – კერძოდ მართლმსაჯულების კუთხით – ეს ყველაფერი ღიად და გამჭირვალედ კეთდება“, – განაცხადა ეშტონმა.

„მე ვეტყვი პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მან უკვე დატოვა საკუთარი მემკვიდრეობა საქართველოში იმ გაგებით, რომ მნიშვნელოვანია, რომ მან განაგრძოს მჭიდრო მუშაობა ახალ მთავრობასთან; მნიშვნელოვანია, რომ მან უბიძგოს საქართველოს წინსვლისკენ იმ საკითხებში, რისიც მას სწამს, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ესაა ევროკავშირთან ურთიერთობა, რომელსაც, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“, – დასძინა მან.

ბიძინა ივანიშვილი პრემიერ–მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით 12–14 ნოემბერს ბრიუსელს სტუმრობდა.

22 ნოემბერს მან განაცხადა, რომ თავდაპირველად ნოემბრის ბოლოსთვის გეგმავდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას, თუმცა მისი თხოვნით, რომელიც ამერიკულმა მხარემ გაიზიარა, მისი ამერიკული ვიზიტისთვის მზადება მომავალ წელს დაიწყება. აშშ–ში ვიზიტის გადადების მოტივად მან ქვეყნის შიგნით არსებული ძალიან ბევრი საქმე დაასახელა. 
 
პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა 22 ნოემბერს, რომ წელს იგი აზერბაიჯანს ესტუმრება და დასძინა, რომ ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button