skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი „მეცხრე არხთან“ დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას, როგორც მთავრობის მეთაურს, გარკვეულ უხერხულობას უქმნის, რომ მისი ოჯახის, კერძოდ კი მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს „მეცხრე არხი“.

ამ არხთან დაკავშირებით, მისი თქმით, ორი შესაძლო პერსპექტივა განიხილება: ან მისი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „ჩუქება“ ანდა „მეცხრე არხის“ ბაზაზე „ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზიის“ ჩამოყალიბება.

22 ნოემბერს პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც მას „მეცხრე არხთან“ დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, განაცხადა, რომ „თუ მოხერხდა უახლოეს დროში და უნდა მოხერხდეს“, რომ პირველი არხის გახდეს „ჭეშმარიტად საზოგადოებრივი“, ასეთ შემთხვევაში „ყველაფერს, [მეცხრე არხის] შენობიდან დაწყებული… გადავცემ პირველ არხს უფასოდ და კარგი იქნება, რომ ეს გუნდიც ჟურნალისტების მაქსიმალურად გადაიყვანონ [სამუშაოდ]“.

„თუ ეს არ მოხერხდა ან ვერ მოხერხდა… არ გამოვრიცხავ ასეთ შემთხვევაში, „მეცხრე არხის“ ბაზაზე გაკეთდეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ოცი წლით გადავიხდით წინასწარ ფულს… და ის ფინანსურადაც ჩაიხსნება ჩემგან, არ იქნება ჩემზე დამოკიდებული, ოჯახთან არ ექნება არავითარი კავშირი“.

„უხერხულობას მიქმნის და არ მჭირდება მე, რომ ჩემს მეუღლეს ქონდეს რაღაც წილი ტელევიზიაში და მე ამ დროს პრემიერ–მინისტრი ვიყო. ამ უხერხულობას ძალიან მალე მოვხსნი“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის უპირატესობას "მეცხრე არხის" გაჩუქების ვარიანტს ანიჭებს, რადგან „უფრო ლამაზი იქნება პირველი არხი დარჩეს ჩვენთვის“. მან იქვე აღნიშნა, რომ მისი ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრვი მაუწყებელი საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დარჩება.

„მე არ მინდა არც ერთი ტელევიზიის დახურვა და არც ერთი ჟურნალისტის დატოვება უსაქმოდ, ამიტომ ეს ცუდად არ გაიგონ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 22 ნოემბერს.
 
დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან, როდესაც გააპროტესტეს 6 ნოემბრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური შემოწმების დაწყება, როგორც ახალი მთავრობის მხრიდან მასზე კონტროლის დამყარების მცდელობა, განაცხადეს, რომ ივანიშვილის მიზანი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი "მეცხრე არხს" შეერთებოდა. 

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტელევიზიაში ფინანსური შემოწმების დაწყება „ნორმალური პროცესია“, რასაც არ „შეუზღუდავს ჟურნალისტების მუშაობა და არც მომავალში არ მოხდება ეს“.

„ნურავინ ნუ ცდილობს იმის მტკიცებულებას, რომ ეს იყო საზოგადოებრივი არხი, სახელი იყო მხოლოდ ამის, ჭეშმარიტად ეს ემსახურებოდა და დღესაც აგრძელებს, თუ გნებავთ, ერთი ჯგუფის მომსახურეობას“, – განაცხადა მან.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button