ახალი ამბები

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს

ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა 24 სექტემბერს მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე არჩევნები 1 ოქტომბერს ტარდება, თუმცა ავღანეთში ეს პროცედურა არჩევნებამდე 7 დღით ადრე განხორციელდა, ვინაიდან ცესკომ აგვისტოში განკარგულებით განსაზღვრა 23–26 სექტემბრის მონაკვეთი არჩევნების ჩატარების შესაძლო პერიოდად.

კენჭისყრა ჰელმანდის პროვინციაში გახსნილ ორ უბანზე წინასწარ შექმნილი სპეციალური კომისიების ორგანიზებით გაიმართა. დალუქული ყუთები და სხვა საარჩევნო დოკუმენტაცია უკვე ჩამოტანილია საქართველოში და ცესკოში ინახება.

ცესკო საარჩევნო ყუთის გახსნასა და ხმის დათვლის პროცედურებს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების შედეგების შეჯამებასთან ერთად  განახორციელებს.

ამ ეტაპზე ცესკოში არ გასცემენ ინფორმაციას, თუ რამდენმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა ავღანეთში ორგანიზებულ კენჭისყრაში.

იმავდროულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც 25 სექტემბერს ასევე იტყობინებოდა ავღანეთში კენჭისყრის ჩატარების თაობაზე, აცხადებს, რომ „ავღანეთში სამშვიდობო მისიას, ჰელმანდის პროვინციაში, მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი და მე-3 ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონი ასრულებს, რომელიც ამჟამად როტაციის პროცესში იმყოფება“.

This post is also available in: English Русский

Back to top button