
ხუროშვილი: შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნამდე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი არ დადგება
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან წასვლა მთავრობისა და მისი პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საჭიროებას მანამ არ ქმნის, სანამ შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი არ დაინიშნება.
ბაჩო ახალაია, რომელიც ციხის სკანდალის გამო გადადგა, მეშვიდე მინისტრია, რომელმაც ივლისში მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცების შემდეგ თანამდებობა დატოვა. მინისტრის მოვალეობას ყოფილი პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე ასრულებს.
კონსტიტუციის თანახმად, „მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას“.
ხუროშვილი განმარტავს, რომ ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტური რჩება, მთავრობა ერთი მესამედით განახლებულად არ ითვლება. მისი თქმით, კანონმდებლობით არ არის კონკრეტულად განსაზღვრული, თუ რამდენი ხანი შეიძლება დარჩეს ვაკანტური მინისტრის პოსტი.
Civil.ge-ს კითხვაზე მოხდება თუ არა ახალი შს მინისტრის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დანიშვნა, ხუროშვილმა უპასუხა: „ამაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს, რა თქმა უნდა, პრემიერ–მინისტრთან შეთანხმებით“.
„არსებული განსაკუთრებული რეჟიმიდან გამომდინარე, ვგულისხმობ წინასაარჩევნო პერიოდს, გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მიიღება“, – დასძინა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ 1 ოქტომბერს ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ არსებული მთავრობა გადადგეს, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტი არსებული ან განახლებული შემადგენლობით პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს ახლადარჩეულ დეპუტატებს ნდობის მისაღებად.