ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელი ივანიშვილს ‘ზეწოლაში’ ადანაშაულებს

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა „გადაეწყოს“ საზოგადოების ინტერესებზე, თუ არადა ის დაკარგავს დაფინანსებას, საზოგადოებრივ მაუწყებელს განცხადების გამოქვეყნებისკენ უბიძგა, რომელშიც დაგმო ივანიშვილის ეს პოზიცია და მაუწყებლის წინააღმდეგ „ზეწოლის კამპანიად“ შეაფასა.

28 მაისს პრესკონფერენციაზე საუბრისას ივანიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ამის შესახებ არ უკითხავთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუ „აქცენტები“ ახსენა. გადაცემა, რომლის წამყავნიც ეკა კვესიტაძეა, 27 მაისს „ქართული ოცნების“ აქციას მიმოიხილავდა. გადაცემის ერთ–ერთი სტუმარი პოლიტოლოგი და კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორი გია ნოდია იყო, რომელსაც 2008 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 

ნოდია, ძირითადად, დადებითად საუბრობდა იმის თაობაზე, თუ როგორ ჩატარდა „ქართული ოცნების“ ფართომასშტაბიანი აქცია და მან ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხიც ახსენა. მან ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ კონსტიტუცია შეცვალა, ნაცვლად იმისა ივანიშვილისთვის მოქალაქეობა დაებრუნებინა. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ოქტომბერში ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა მას შემდეგ, რაც მან თავისი პოლიტიკური გეგმები გაახმოვანა, სამართლებრივად გამართლებული იყო, ვინაიდან იმ დროს მას უკვე ჰქონდა ფრანგული პასპორტი; ნოდიამ დასძინა, რომ უცხოური ქვეყნის მოქალაქეობის მიღება მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა გაქვს, ივანიშვილის მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის მიმართ უპატივცემლობა იყო.

პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა გადაცემის წამყვანი მიკერძოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კვესიტაძე „ისეთი განაწყენებული იყო, რომ ამდენი ხალხი მოვიდა [აქციაზე], რომ ვერ მოახერხა ამ წყენის დამალვა“. მან ასევე გააკრიტიკა ნოდია და მას „დემაგოგი“ უწოდა.  

„გია ნოდია გასაგებია. ასეთი ტიპის დემაგოგები ევროპაშიც არიან“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მოქალაქეობის საკითხზე საუბრისას ნოდიამ „ძირითად დამნაშავედ მე გამომიყვანა, რომ ეს კაცი საქართველოს მოქალაქეობას პატივს არ სცემსო“.

„ჩვენ როდესაც მოვალთ – და მოვალთ ხელისუფლებაში – რა თქმა უნდა, საზოგადოება არხის წარმომადგენელს არ გადაუხდის ხელფასს, თუ ასე საწინააღმდეგო განწყობა ექნება საზოგადოების წინააღმდეგ, როგორიც გუშინ, რომელიც ვერ დამალა კვესიტაძემ. ასევე, გია ნოდია ვერ იქნება ასეთი დემაგოგიით მოსმენადი; ალბათ მაგის ასაკში ვეღარ მოახერხებს დემაგოგიიდან ამოსვლას, მაგრამ მას მოუწევს ძალიან დახვეწოს მეთოდები და ამ სიბერეშიც მოუწევს ბევრი მუშაობა, რომ უფრო გაწაფული დემაგოგია გამოიყენოს – ასეთი უხეში დემაგოგია, რომ თურმე კონსტიტუციური ცვლილებების შემდგომ ივანიშვილი არ სცემს პატივს საქართველოს მოქალაქეობას …. ასეთი უხეში დემაგოგიით მას ძალიან გაუჭირდება ახალ საზოგადოებაში თავისი ადგილი პოვნა, მაგრამ შეიძლება მოახერხოს კიდეც რომ დახვეწოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ იგი არ იმუქრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ან სხვა სახელისუფლებო ტელევიზიების თანამშრომლებს სამსახურების დატოვება მოუწევთ.

„მათ მოუწევთ გადააწყონ თავისი რიტორიკა, რამდენადაც არ მოუნდება საზოგადოებას, არ განთავსდება იქ რეკლამა… მე არავის დახურვა არ მინდა; პირიქით, კიდევ უნდა გაიხსნას ტელევიზიები, უფრო მეტი უნდა იყოს; მაგრამ ისინი იძულებული იქნებიან, თუ ფართო საზოგადოების მასებზე არ იმუშავებენ, რაღაცა ნაწილილზე მაინც, ვიღაცას უნდა სურდეს ის, ვიღაცამ უნდა გადაგიხადოს თქვენ ამაში ფული. თქვენ ხალხი უნდა გიყურებდეს, ხალხი უნდა იყენებდეს, რასაც ამბობთ თქვენ და რასაც წერთ. თუ ვერ მოახერხებენ, ვერ გადაეწყობენიან და ვერ მოერგებიან საზოგადოებას, ისინი ვერ დაფინანსდებიან. დღეს როგორც ფინანსება ეს სიცრუის არხები ხომ კარგად ვიცით – მათი ხელმძღვანელები საზოგადოებისგან იპარავენ, პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, და საზოგადოების წინააღმდეგ სიცრუეს აფინანსებენ. ამის საშუალებას არ მივცემთ ჩვენ… 80–90% დღევანდელი მედიის სიცრუეზეა აგებული – ამის გასავალი აღარ იქნება. ჩვენ არავის არაფერს არ ავუკრძალავთ; ეს მოხდება თავისთავად; ისინი ვერ მოახერხებენ სიცრუის რეალიზებას, სიცრუეში აღარ გადაიხდიან, არ შეხედავენ. ისინი აუცილებლად გადაეწყობიან და იძულებული იქნებიან მოიქცნენ ისე, როგორც საზოგადოებას მოსწონს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნა განცხადებაში, რომ 28 მაისს გაკეთებული განცხადებით ივანიშვილმა „მედიაზე და, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის კამპანია განაგრძო“.

მაუწყებლის თქმით, ტელევიზიის დაფინანსება კანონით არის გარანტირებული, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%-ს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის თვითნებური შეცვლის, მეტიც, შეწყვეტის მუქარა აღიქმება, როგორც დაუფარავი შანტაჟი და სარედაქციო პოლიტიკის წინასარჩევნოდ შეცვლის უხეში მცდელობა“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში, „როგორც ჩანს, ივანიშვილს სურს საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად მისი პოლიტიკური მიზნების სამსახურში იხილოს, რაც ეწინააღმდეგება, ზოგადად, მედიის თავისუფლების და კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას“.

„მივმართავთ მედიაგარემოს დემოკრატიზაციის მიმართულებით მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ჯეროვნად შეაფასონ ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ მედიაზე ზეწოლის ფაქტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button