ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 6%-მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6%–მდე შეამცირა.

აპრილში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით –2.1% შეადგინა, რაც უკვე მესამე დეფლაციაა ზედიზედ ბოლო სამი თვის მანძილზე.

23 მაისს გაკეთებულ განცხადებაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ ივნისიდან წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს „ზომიერ ზრდას“, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება, როგორც მიმდინარე წლის განმავლობაში, ისე მომავალი წლის დასაწყისშიც. მთავრობის მიერ პროგნოზირებული ინფლაციის დონე 2012 წელს 6%–ს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი ბოლო პერიოდში გამყარდა, რაც უკავშირდება ტურიზმისა და ინვესტიციების გზით ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას.

„იზრდება ასევე ფულადი გზავნილები უცხოეთიდან“, – განაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, „აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების ზრდა სრულად არ აისახება ეკონომიკის ზრდაზე, ვინაიდან ფულადი ნაკადების შემოდინებას თან ახლავს იმპორტის ფარდობითი ზრდაც“.

Back to top button