ახალი ამბები

პარლამენტმა 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

22 მაისს პარლამენტმა 103 ხმით ერთხმად დაამტკიცა ცვლილებები 2012 წლის წლის ბიუჯეტში, რაც თავდაპირველად წარდგენილი ვარიანტის კორექტირებულ მონაცემებს შეიცავს.  

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ არსებული 5%–ის ნაცვლად, 2012 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6%–ით განისაზღვრა, რაც „პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის დინამიკიდან გამომდინარეობს“. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6% შეადგინა.

ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლები 7.053 მლრდ ლარით განისაზღვრა აქამდე არსებული 6.839 მლრდ ლარის ნაცვლად, ხოლო ხარჯები 6.554 მლრდ ლარიდან 6.782 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

საბიუჯეტო ზრდა განაპირობა „სხვა შემოსავლების“ 120 მლნ ლარით მატებამ, ძირითადად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის საფასურიდან მიღებული თანხების ხარჯზე და გრანტების მოცულობის 94.2 მლნ ლარით გაზრდამ. გრანტების მთლიანმა მოცულობამ წელს 333.6 მლნ ლარს მიაღწია.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დამატებითი საბიუჯეტო სახსრები ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება არსებული 297 მლნ ლარიდან 399 მლნ ლარამდე.

საბიუჯეტო ცვლილებები 16 სამინისტროს დაფინანსებას შემდეგნაირად შეეხო:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.804 მლრდ ლარი (იყო 1.772 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 676.5 მლნ ლარი (იყო 675 მლნ ლარი; 2011 წ – 711 მლნ ლარი; 2010 წ – 728 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 980 მლნ ლარი (იყო 960.3 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 148.9 მლნ ლარი (იყო 119.9 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 163.6 მლნ ლარი (იყო 139.2 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 91 მლნ ლარი (იყო 76 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  59.2 მლნ ლარი (იყო 50 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 92.7 მლნ ლარი (იყო 81.5 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 123.2 მლნ ლარი (იყო 111.7 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 125.1 მლნ ლარი (იყო 120 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 600.8 მლნ ლარი (იყო  595 მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 38.2 მლნ ლარი (იყო 34.8 მლნ ლარი);
  • გარემოს დაცვის სამინისტრო – 19.8 მლნ ლარი (იყო 17.5 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 54.1 მლნ ლარი (იყო 74 მლნ ლარი);
  • რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი (იყო 1.4 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.3 მლნ ლარი (იყო 2 მლნ ლარი).

მიმდინარე საარჩევნო წელს ცვლილება შეეხო ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსებას, რომელიც აქამდე გათვალისწინებული 41.6 მლნ ლარის ნაცვლად 46.3 მლნ ლარს მიიღებს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის პროგრამისთვის გათვალისწინებული 4.7 მლნ ლარის ბიუჯეტში ასახვის გამო.

ამასთან, დამტკიცებული ცვლილებებით, 10 მლნ ლარით გაიზარდა ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების საერთო მოცულობა და 829.9 მლნ ლარი შეადგინა.

Back to top button