
საქართველოს ხელისუფლებამ ჩერქეზთა გენოციდის მემორიალი გახსნა
საქართველომ, რომელიც ერთი წლის წინ პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მე–19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობები გენოციდად აღიარა, 21 მაისს ამ მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ანაკლიაში მემორიალი გახსნა.
„ჩერქეზთა წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის“ გახსნას ანაკლიაში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაიაც ესწრებოდა.
21 მაისს, როდესაც 1864 წელს რუსეთის იმპერიამ კავკასიის ომში გამარჯვება გამოაცხადა, ჩერქეზი ხალხის და სხვა ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების მასობრივი დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 21–22 მაისს ანაკლიაში ამ დღის აღსანიშნავად მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის კონფერენცია, სადაც საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შედეგები იქნება განხილული.
პაპუნა დავითაიამ განაცხადა, რომ ეს მემორიალი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კავკასიური სოლიდარობისთვის და დასძინა, რომ ქართულ სახელმწიფოს შეუძლია თავისი კავკასიური პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ჩართულობის გზით განახორციელოს.
21 მაისს სეპარატისტულ აფხაზეთში კავკასიის ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რეგიონის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა მოჰაჯირების მონუმენტი გვირგვინით შეამკო – ეს ის მუსულმანი აფხაზები არიან, რომლებიც მე-19 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლეს.