
მთავრობის თქმით, წყალდიდობით მიყენებული ზარალი სულ ცოტა 7–8 მილიონ ლარს შეადგენს
წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციას თბილისში დაახლოებით 2–3 მილიონი ლარი დასჭირდება, განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ 14 მაისს.
„გარკვეული თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა, ასევე უნდა მივმართოთ საკრებულოს, რათა გაიზარდოს სარეზერვო ფონდი. დაახლოებით, 2-3 მლნ ლარი მაინც დასჭირდება იმ სამუშაოებს, რაც ჩასატარებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არცერთი ადამიანი არ დავტოვოთ გაჭირვებაში“, – განაცხადა უგულავამ.
გარდა თბილისისა, სადაც მოვარდნილმა ღვარცოფმა ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობა მოხდა ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში, ასევე აჭარის მაღალმთიან სოფლებში.
რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა 14 მაისს, რომ წყალდიდობამ რეგიონებში სულ ცოტა 5 მილიონი ლარის ოდენობის ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
მისი თქმით, ამ თანხაში მხოლოდ ინფრასტრუქტურის, მათ შორის გზების, ხიდების, წყლის ობიექტების მოწესრიგება იგულისხმება.