
სააკაშვილი: ‘რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება სიძლიერის ნიშანია’
რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება უფრო „სიძლიერის ნიშანია“, ვიდრე სისუსტის, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მარტს თავის რეზიდენციაში სტუდენტებთან შეხვედრაზე.
„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი პრობლემაა. რამდენიმე ათეული ტერორისტული შეტევა განახორციელეს ჩვენზე ბოლო ორი–სამი წლის განმავლობაში, მაგრამ მათგან 90% ჩვენ აღმოვაჩინეთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ზოგიერთი შემთხვევა საერთოდ არც გახმაურებულა.
„ჩვენ, იმის გამო, რომ დარწმუნებული ვართ, რომ ვაკონტროლებთ ჩვენს ტერიტორიას და გვაქვს უსაფრთხოების კარგი სისტემა, იმის გამო, რომ ვიცით, რომ ჩვენი პოლიცია არ არის კორუმპირებული და ჩვენი კონტრდაზვერვა არის ეფექტური, ამის გამო არ გვეშინია იმ [რუსი] ტურისტების ნაკადის შემოსვლის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ტურისტი თავისთავად საშიში არ არის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სავიზო რეჟიმი მაინც ვერ შეაჩერებს ჯაშუშების შემოსვლას ქვეყანაში.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი რუსი ტურისტი შემოვა, უფრო მეტი დადებითი ინფორმაცია გავა საქართველოს შესახებ რუსეთის საზოგადოებაში, რაც რუსეთში საქართველოსთან მიმართებაში არსებული საზოგადოებრივი აზრის შეცვლას დაეხმარება; მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური მედია და ბლოგები და დასძინა, რომ მან დადებითი ტენდენციები შენიშნა საქართველოს იმიჯთან დაკავშირებით რუსულ საზოგადოებაში.
„თანამედროვე მსოფლიოში იარაღზე მეტად ინფორმაცია ფასობს“, – განაცხადა მან. „თავისუფალი უვიზო მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის – ეს არის ჩვენი დამატებითი საშუალება იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი სიმართლის გატანა, მათ შორის იქ, სადაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე“.
რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში 90 დღით, უვიზოდ შემოსვლა 29 თებერვლიდან შეუძლიათ.
2010 წლის ოქტომბერში საქართველომ 90–დღიანი უვიზო რეჟიმი შემოიღო ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებისთვის, ხოლო რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებს ვიზების აღება საქართველოში შემოსვლის დროს შეეძლოთ.