ახალი ამბები

საგარეო უწყება ‘პუტინის მიერ ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოხატვის უცნაური მეთოდების’ შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვლადიმერ პუტინის 22 თებერვლის იმ განცხადების კომენტირებისას, სადაც მან იმედი გამოთქვა, რომ "მოძმე“ ქართველ ხალხთან ურთიერთობები აღდგება, რომ „ძალიან უცნაური მეთოდები აქვს ბატონ პუტინს ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოსახატავად“.

რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების მეთაურებთან მოსკოვის მახლობლად, ალაბინოს სამხედრო ბაზაზე შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არასოდეს აიგივებდა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ერთმანეთთან. “მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ ეს მართლაც ჩვენთვის მოძმე ერი საბოლოოდ მიხვდება, რომ რუსეთი არის არა მტერი, არამედ მეგობარი და ურთიერთობები აღდგება“, – განაცხადა პუტინმა.

„სიმბოლურია, რომ მან ქართველ ხალხთან მეგობრობაზე და მისდამი სიყვარულზე ისაუბრა სწორედ იმ სამხედრო მეთაურებთან, რომელთა შენაერთებიც მისივე ბრძანებით სასტიკად უსწორდებოდნენ ქართულ მოსახლეობას [2008 წელს]“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ, „ძნელი წარმოსადგენია ვის გულისხმობს ბატონი პუტინი ქართველ ხალხში. საქართველოში ცხოვრობს მრავალი ათასი ოჯახი, რომელთაც ახლობლები დაკარგეს რუსეთის მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი სამხედრო აგრესიისა და მრავალჯერადი ეთნიკური წმენდის შედეგად“.

„რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის, პირადად ვლადიმერ პუტინის ქმედებების შედეგად ასეულობით ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ადგილები და იქცა დევნილად. მათი სახლები, ან მიწასთან არის გასწორებული რუსული სამხედრო ტექნიკით, ან უკანონოდ არის დაკავებული რუსეთის სამხედროებისა და კრიმინალების მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბარბაროსულად ნადგურდება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

იმავდროულად, 23 თებერვალს ქართველი ბლოგერების და ფორუმის მიმომხილველთა ჯგუფმა კოორდინირებული კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში ოკუპაციის საწინააღმდეგო გზავნილებს აქვეყნებდნენ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე. ერთი ქართველი ბლოგერის ინფორმაციით, გვერდის ადმინისტრატორი მაშინვე შლიდა ისეთ გზავნილებს, როგორიცაა „დიმიტრი ანატოლევიჩ, ვითხოვ რუსული საოკუპაციო ძალების საქართველოდან გაყვანას“. 23 თებერვალს მომხმარებლები საქართველოდან რამდენიმე საათის მანძილზე ვერ ახერხებდნენ რუსეთის პრეზიდენტის Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე შესვლას.

ასევე 23 თებერვალს – როდესაც რუსეთი სამშობლოს დამცველთა დღეს აღნიშნავს – პრეზიდენტი მედვედევი რუსეთის უმსხვილეს კინოსტუდიას „გლავკინოს“ ეწვია, სადაც ფილმის „აგვისტოს რვა“ მსახიობებს და შემოქმედებით ჯგუფს შეხვდა.

მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები არ უნდა იქნას დავიწყებული, რათა ისინი არ განმეორდეს და „თუ მაინც განმეორდება, ჩვენი პასუხი ისეთი მწვავე და ეფექტური უნდა იყოს“, როგორც ის, დაახლოებით, ოთხი წლის წინ იყო.    

მისი თქმით, ამ ფილმმა შეასრულა „თავისი მნიშვნელოვანი მისია, რომ ეჩვენებინა სიმართლე“ 2008 წლის აგვისტოს „ხუთდღიანი ომის“ შესახებ. მედვედევმა ასევე შეაქო ფილმი იმის გამო, რომ, როგორც მან აღნიშნა, “ის ქართველების მიმართ გაბოროტებას არ იწვევს“.

„ქართველ ხალხს ამასთან არაფერი აქვს საერთო. დამნაშავე ის ლიდერები არიან, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებდნენ და არა ისინი, რომელთაც იარაღის ხელში აღება მოუხდათ, ალბათ თავიანთი ნების საწინააღდეგოდ“, – განაცხადა მედვედევმა.

Back to top button