ახალი ამბები

საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა ტუვალუსთან ხუთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვანმა სახელმწიფომ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 16 თებერვალს გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე შეწყდა, საქართველომ ტუვალუსთან 2011 წლის თებერვალში დაამყარა მხარეთა მიერ „მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპების“ პატივისცემის საფუძველზე.

ამ ქმედებამდე 2010 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ტუვალუსთვის ფინანსური დახმარების სახით 12 ათასი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. იმ პერიოდში ტუვალუმ მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ანალოგიურ რეზოლუციას დაუჭირა მან მხარი 2011 წლის ივნისშიც.

თუმცა, 2011 წლის სექტემბერში სოხუმმა და ცხინვალმა განაცხადეს, რომ ტუვალუმ მათი დამოუკიდებლობა აღიარა.

Back to top button