
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 10.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 10.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 3.6 მილიარდი აშშ დოლარი სამთავრობო სექტორის, ხოლო 866.6 მილიონი ეროვნული ბანკის ვალი იყო.
ეროვნული ბანკის მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად მთლიან საგარეო ვალში 18.1%, ანუ 2 მილიარდი აშშ დოლარი საბანკო სექტორზე მოდის. მთლიანი საგარეო ვალის 95.3% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
დეკემბერში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch–მა, რომელმაც საქართველოს გრძელვადიანი ლოკალური და უცხოური სავალუტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „b+“–დან „bb-“–მდე გაზარდა, განაცხადა, რომ 2012-2013 წლებში მოსალოდნელია მთავრობის საერთო ვალის შემცირება, რომელმაც პიკს 2010 წელს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 37% შეადგინა.
სააგენტოს თქმით, საქართველოს მაჩვენებლები აძლევს ქვეყანას იმის საშუალებას, რომ მან კვლავაც აიღოს დამატებით საგარეო სესხი. Fitch-ის განცხადებით, საქართველოს მიერ აღებული საგარეო ვალის შეღავათიანი პირობები ამცირებენ ამ სესხის მომსახურეობის ხარჯებს.
Fitch-ის განცხადებით, 2011 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 11%–ს შეადგენს, რაც ქვეყნისთვის ”სუსტ მხარეს” წარმოადგენს. სააგენტოს თქმით, ის არ ელის ამ მაჩვენებლის დიდად შემცირებას.
”2012 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის, დაახლოებით, ნახევარს კერძო კაპიტალის ფორმით განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაფარავენ; დანარჩენი ნაწილი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ უცხოეთიდან მოზიდული სესხის მეშვეობით დაფინანსდება. საქართველოს სუფთა საგარეო ვალის ოდენობა, რომელიც მშპ-ის 47% შეადგენს, ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა რეიტინგი ‘BB–’-ის კატეგორიაში განისაზღვრება”, – განაცხადა დეკემბერში Fitch-მა.