
პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი დაამტკიცა
პარლამენტმა 27 დეკემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო.
- პარლამენტმა საარჩევნო კოდექსი, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო
- საარჩევნო კოდექსის პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია
დღესვე პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტის ახლებულ კონფიგურაციას (77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი, 75/75–ზე არსებული შეფარდების ნაცვლად) ითვალისწინებს.
იგივე საკონსტიტუციო ცვლილებები აწესებს ნორმას, რომლის მიხედვითაც 5%–იან ბარიერგადალახული პარტია ფრაქციის შესაქმნელად საჭირო 6 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში.
კონსტიტუციაში შეტანილ კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს ნორმა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო უმრავლესობა 150–წევრიან პარლამენტში არსებული 2/3–დან გაიზრდება 3/4–მდე. ეს ცვლილება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. ამ დრომდე 2012 წელს ასარჩევ მომდევნო პარლამენტს, დაახლოებით, ერთი წელი ექნება იმისათვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები კვლავ 2/3–ით შეიტანოს.