ახალი ამბები

ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია

პარლამენტმა 23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია დაამტკიცა, რომელმაც 2005 წლის ივლისში მიღებული კონცეფცია ჩაანაცვლა. 

ახალ კონცეფციაში ძირითადი ცვლილებები რუსეთს უკავშირდება, რათა, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განუცხადა დეპუტატებს, ის „შეცვლილი რეალობები“ აისახოს, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა. ქუთელიამ ასევე განაცხადა, რომ წინა კონცეფციისგან განსხვავებით, ახალი დოკუმენტი პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ფართო დისკუსიების შედეგია; მისი თქმით, კონცეფციაზე მუშაობის დროს ასევე იქნა გათვალისწინებული ის გამოხმაურებები, რომელიც ქვეყანამ დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო.

საქართველოს მთავარ საფრთხეებსა და გამოწვევებს შორის დასახელებულია რუსეთის მიერ „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი“, და „ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები“.

წინა კონცეფციაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე სამი წლით ადრე იქნა მიღებული, ნათქვამია, რომ „საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა მცირეა, თუმცა საზღვრის შეიარაღებული დარღვევა და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხრიდან რეალურია“.

ახალი კონცეფციის სამუშაო ვერსიაში, რომელიც პირველად წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, არ იყო ნახსენები „ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები“. გასული წლის ბოლოს საქართველომ განაცხადა, რომ 2010 წლის შემოდგომაზე თბილისში განხორციელებული ტერორისტული აქტების უკან სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი რუსი სამხედრო ოფიცერი იდგა. 2011 წლის ზაფხულში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ორი ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა აღკვეთა, რომელთაგანაც ერთი, სავარაუდოდ, აფხაზეთში მომუშავე რუსეთის უსაფრთხოების ოფიცრის მიერ დაიგეგმა, მეორე კი სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსი ოფიცრის მიერ.

ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, ამგვარი შემთხვევები ცხადყოფს, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდგომ რუსეთის ფედერაცია ამ ტერიტორიებს იყენებს ტერორისტების შესარჩევად და მოსამზადებლად, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით“.

კონცეფციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის „მთავარ მიზანს“ საქართველოს „არშემდგარ სახელმწიფოდ ქცევა“, მისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაციისთვის ხელის შეშლა და „საქართველოს რუსულ ორბიტაზე ძალადობრივი გზით დაბრუნება“  წარმოადგენს.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის საბოლოო მიზანი იყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ან/და მარიონეტული რეჟიმების საერთაშორისო აღიარება, არამედ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა ან/და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩანაცვლება, რადგან დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო რუსეთის ფედერაციის მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქმება“, – ნათქვამია კონცეფციაში.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო მისიების არყოფნა, რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ამ რეგიონებში და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მოსკოვის უართან ერთად, რომ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე საქართველოს პირობას ანალოგიური ქმედებით უპასუხოს, „შესაძლო მორიგი სამხედრო აგრესიისთვის პლაცდარმს წარმოადგენს“.

თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსადმი გამოხატული „საერთაშორისო მხარდაჭერა“, ასევე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა, „ამ რისკის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია“.

კონცეფციის ცალკე თავში „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ განხილულია საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს სურვილია, რუსეთთან იქონიოს „კეთილმეზობლობის და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა“.

თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ეს „ვერ მოხდება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და დეოკუპაციის პროცესის დაწყების გარეშე“. 

„საქართველო მომხრეა, რუსეთის ფედერაცია გარდაიქმნას სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყნად“, – ნათქვამია კონცეფციაში.

დოკუმენტში ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობებიც არის ნახსენები იმ მონაკვეთში, სადაც რუსეთთან ურთიერთობებია განხილული. მასში ნათქვამია, რომ „საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციის
ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის გარემოს და მშვიდობის
ჩამოყალიბებას“.   

„საქართველო აცნობიერებს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს იქ მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას საქართველოს მიზნებთან და პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სხვა საფრთხეები, რისკები და გამოწვევები

გარდა რუსული ფაქტორისა, დოკუმენტში საუბარია კონფლიქტების შესაძლოა გადმოდინებაზე მეზობელი ქვეყნებიდან, რაც „საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეა“. 

ამ კონტექტსში, დოკუმენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის  კონფლიქტს ახსენებს და მას „გამოწვევას“ უწოდებს.

„ამ ქვეყნებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების განახლება შეასუსტებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური გავლენის ზრდას მთელ რეგიონში“, – ნათქვამია კონცეფციაში. 

იმ მონაკვეთში, რომელიც კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს ეხება, დოკუმენტი აცხადებს, რომ რუსეთი უარყოფითი განწყობების ინსპირირებას ცდილობს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მოსახლეობაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „კონტროლის არარსებობა“ ტრანსნაციონალური დანაშაულის პრობლემის მოგვარებას უშლის ხელს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალადობრივად განდევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა „მნიშვნელოვან გამოწვევადაა“ შეფასებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა, მათი საკუთრების უფლებების აღდგენა საქართველოს სახელმწიფოს ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს შორის დოკუმენტი ასევე ასახელებს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ტერორიზმს, კიბერუსაფრთხოებას, ენერგო უსაფრთხოებას, ეკოლოგიას, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულებს, დემოგრაფიას, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქართული ენის ცოდნის გაღრმავების გზით, ასევე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას.  

მიესალმდნენ რა დოკუმენტს, დეპუტატებმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან კონცეფციაში იმ ფორმულირების შეტანისკენ მოუწოდეს, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის როლს გაუსვამდა ხაზს ქართული იდენტობის და საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით.

ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია

დოკუმენტში ცალკე თავი ეძღვნება საქართველოს ინტეგრაციას ნატოში და ევროკავშირში. კონცეფციის თანახმად, ეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების „ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“.

კონცეფციაში ნათქვამია, რომ აგვისტოს ომმა ვერ შეცვალა საქართველოს მისწრაფება ნატოში და 2004 წლის შემდეგ ქვეყანამ ამ გზაზე „დიდ პროგრესს“ მიაღწია.  

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს „ეტაპობრივი ინტეგრაცია“ ევროკავშირში ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების „ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას“ წარმოადგენს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო მიესალმება ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკას რუსეთის მიმართ, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ „ამგვარი პოლიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შედეგიანი“, თუ იგი ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის ისეთი საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც იქნება მეზობლების სუვერენიტეტის პატივისცემა. კონცეფცია ასევე ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ ევროკავშირი, როგორც რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შუამავალი, ეფექტიან ზემოქმედებას ახდენდეს რუსეთის ფედერაციაზე, რათა მან სრულად შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

სამხრეთ კავკასია

სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მეზობლებთან ურთიერთობებს, „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ ნაწილში, ცალკე ქვეთავი ეთმობა.

წინა კონცეფციის მსგავსად, ახალ დოკუმენტშიც აზერბაიჯანთან ურთიერთობები „სტრატეგიულად“ არის მიჩნეული.

სომხეთთან ურთიერთობები კონცეფციაში შეფასებულია, როგორც „მჭიდრო პარტნიორობა“.

„საქართველოს ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან“, – ნათქვამია კონცეფციაში, „საქართველოს მიაჩნია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს  ერთობლივი მიდგომების ჩამოყალიბებას რეგიონის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება, ერთიანი ეკონომიკური სივრცის და საერთო ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას“. 

აშშ–თან სტრატეგიული პარტნიორობა

დოკუმენტის თანახმად, საქართველო „აღრმავებს სტრატეგიულ პარტნიორობას“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც ასახულია აშშ-სა და საქართველოს შორის 2009 წლის იანვარში გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში.

კონცეფცია აღნიშნავს აშშ–ის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიების „დეოკუპაციის“ საკითხში და ასევე აშშ–ის დახმარების მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში.

„საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად ამაღლდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარების პროგრამების მეშვეობით“, – ნათქვამია დოკუმენტში, „საქართველო დაინტერესებულია აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით“.

სხვა პარტნიორები და მეზობლები

უკრაინასთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველო ესწრაფვის, მაქსიმალურად გამოიყენოს უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობები“.  

თურქეთი დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს წამყვანი რეგიონული პარტნიორი“. კონცეფციის თანახმად, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან, თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და „ენერგეტიკული და სატრანსპორტო თუ სხვა პროექტების წარმატებით განხორციელება სტრატეგიული მნიშვნელობისაა ორივე ქვეყნისათვის“.

„თურქეთი, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა და რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი, მნიშვნელოვანი სამხედრო პარტნიორიცაა. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების შემდგომ განვითარებას თურქეთთან“, – ნათქვამია კონცეფციაში.

კონცეფცია ცალკე აღნიშნავს „აქტიურ თანამშრომლობას“ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან და სკანდინავიის სახელმწიფოებთან თანამშრომლობის „დიდ მნიშვნელობას“.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო „დიდ მნიშვნელობას“ ანიჭებს თანამშრომლობას მოლდოვასთან და ბელორუსთან და მიესალმება მათ მონაწილეობას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო „დიდ ყურადღებას უთმობს“ მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ყაზახეთთან, თურქმენეთთან, ყირგიზეთთან, უზბეკეთთან და ტაჯიკეთთან, განსაკუთრებით, ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში.

კონცეფციაში ნათქვამია, რომ საქართველო „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკური დიალოგის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას“ ჩინეთთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ისრაელთან, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან, კანადასთან, ინდოეთთან, ბრაზილიასთან და ავსტრალიასთან. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან.

კონცეფციის თანახმად, გაერომ „წამყვანი როლი“ უნდა შეასრულოს კონფლიქტების მოგვარების საქმეში და ამისთვის, საქართველოს აუცილებლად მიაჩნია გაეროს ეფექტიანობის გაზრდა. დოკუმენტი ეუთოს და ევროპის საბჭოს მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. სუამი (საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვას გაერთიანება) დოკუმენტში მოხსენიებულია საქართველოს აზერბაიჯანთან და უკრაინასთან ურთიერთობების კონტექსტში. 2005 წლის კონცეფციაში სუამი შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში თანამშრომლობის კონტექტსში იყო ნახსენები.

Back to top button