ახალი ამბები

პრესის გამავრცელებლები პროფილური აუქციონის გამართვას ითხოვენ

პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციები ახალი ჯიხურების დადგმის მიზნით მათთვის პროფილური აუქციონის ჩატარებას და ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

პრესის გამავრცელებელი სამი ორგანიზაციის –  „პლანეტა ფორტეს“, „მაცნეს“ და „ელვა სერვისის“ წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ მერიის ახალი პროექტის ფარგლებში ნოემბრიდან მათი კუთვნილი ჯიხურების აღების გამო, ჟურნალ–გაზეთების გაყიდვები 75–80%–ით შემცირდა, ხოლო 180 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა.  ამჟამად დედაქალაქში, ამ კომპანიების მხოლოდ 21 ჯიხურია დარჩენილი.

ოქტომბერში თბილისის მერიამ ახალი პროექტი დაიწყო, მისი თქმით, „მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის" მიზნით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დედაქალაქში „ძველი და უსახური ჯიხურები“ ჩაანაცვლოს ახალმა ჯიხურებმა, მიწის ნაკვეთებზე ახალი ჯიხურების ჩასადგმელად ინტერნეტ აუქციონის გამართვის გზით. თბილისის მერიის განცხადებით, ინტერნეტ აუქციონი მონაწილეებს კონკურენციის თანაბარ პირობებს სთავაზობს. ჯიხურებში გასაყიდ პროდუქციაზე რაიმე შეზღუდვები არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგებული კომპანიას არ აქვს ვალდებულება ჟურნალ–გაზეთებით ივაჭროს.

„გამოაცხადონ აუქციონი მხოლოდ პრესის გამავრცელებლებისთვის და იყოს უფრო ღია თამაში“, – განაცხადა „პლანეტა ფორტეს“ დირექტორმა მერაბ  ჩანჩალაშვილმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში ფასებიც იქნება „ხელმისაწვდომი“. 

გავრცელებული ინფორმაციით, მერიის ახალი პროექტის ფარგლებში გამართულ აუქციონებში რამდენიმე კვების ობიექტმა მოიგო, რომლებთან კონკურენციასაც პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციები ვერ უძლებენ მაღალი საიჯარო ფასების გამო.

პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მერიისგან ითხოვენ არა პრივილეგიებს, არამედ მათი სურვილია „პრივილეგია ქონდეს თვითონ სფეროს“.

Back to top button