
„მაესტროს“ ჟურნალისტებმა პოლიციასთან საპროტესტო აქცია გამართეს
ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლებმა, რომელთაც სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, 16 დეკემბერს თბილისში ერთ–ერთ პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც მათ პოლიციის მიერ მათი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა გააპროტესტეს. კერძოდ, ისინი ითხოვენ, რომ ტელეკომპანიის შენობა „მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებლს ეროსი კიწმარიშვილს დაატოვებინონ.
კონფლიქტი ტელეკომპანიის მფლობელებს და მისი მმართველი კომპანიის დამფუძნებელს შორის წინა თვეს დაიწყო, რის შედეგადაც 1 დეკემბერს „მაესტროს“ მფლობელები და თანამშრომლები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ შენობა. მას შემდეგ „მაესტრო“ შეზღუდულ მაუწყებლობას ახორციელებს რადიო „მაესტროს“ შენობიდან.
„მაესტრო“ საკაბელო ქსელის მეშვეობით მაუწყებლობს, მისი სატელიტური მაუწყებლობა შეწყვეტილია. ის მოწყობილობა, რომელიც ტელეკომპანიას სატელიტური მაუწყებლობისთვის სჭირდება მფლობელებმა ტელეკომპანიის შენობაში დატოვეს. ამჟამად, შენობას და სატელიტური მაუწყებლობის მოწყობილობასაც კიწმარიშვილი აკონტროლებს.
„მაესტროს“ მფლობელებმა და მენეჯმენტმა პოლიციას თვის დასაწყისში მიმართეს და კიწმარიშვილის შენობიდან გამოყვანა მოსთხოვეს, რათა ტელევიზიას ნორმალური მუშაობა აღედგინა. თუმცა, როგორც ტელეკომპანიის მფლობელები და მენეჯმენტი აცხადებს, პოლიციამ ჩარევაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ეს კერძო კომპანიაში არსებული დავაა და იგი სასამართლოს გზით უნდა მოგვარდეს. ტელეკომპანიის თანამფლობელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების უარი ჩარეულიყო დავაში მისთვის იმის მანიშნებელია, რომ კიწმარიშვილი ფაქტიურად ხელისუფლების მხარდაჭერით მოქმედებს.
იმავდროულად, ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ კიდევ ერთი წლით აქვს ტელეკომპანიის მართვის უფლება, განაცხადა 16 დეკემბერს, რომ იგი „მაესტროს“ თანამფლობელების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს და 4.5 მილილონი აშშ დოლარის კომპენსაციას მოითხოვს. მისი თქმით, მან სწორედ ეს თანხა „მოიზიდა“ 2009 წელს არხის მართვის უფლებით აღების შემდეგ. გარდა ამისა, კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ იგი 2.5 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვს იმ ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მან კონფლიქტის დაწყების შემდეგ განიცადა.
მანამდე სასამართლომ, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო კიწმარიშვილის თხოვნაზე, რომ დროებითი ყადაღა დაედოთ ტელეკომპანიის აქციებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამფლობელებს უფლება არ აქვთ სასამართლო პროცესის დასრულებამდე აქციები გაყიდონ. თანამფლობელებმა განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას არ ახდენს ტელეკომპანიის მუშაობაზე, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც ისინი აქციების გაყიდვას მაინც არ აპირებდნენ.
„მაესტროს“ ჟურნალისტებმა და მენეჯმენტმა განაცხადეს, რომ ისინი საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. შემდეგი აქცია პრეზიდენტის რეზიდენციის წინ 20 დეკემბერს დაიგეგმა.