ახალი ამბები

აშშ–ის ელჩის მიმართვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით

აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა თავის ვიდეო მიმართვაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება, განაცხადა, რომ საქართველომ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გარკვეულ პროგრესს მიაღწია და ის სფეროები ჩამოთვალა, სადაც მეტი პროგრესი მნიშვნელოვანი იქნებოდა.

„საქართველოს წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა ადამიანის უფლებების სფეროში პროგრესის კუთხით. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, ქალებზე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და იმ კანონმდებლობის მიღება, რომელიც მოსახლეობის უმცირესობის რელიგიური აღმსარებლობების სამართლებრივ სტატუსს გააუმჯობესებს. ზოგიერთი ეს ნაბიჯი უფრო ადვილი, ან ნაკლებად სადავო იყო, ვიდრე სხვები, თუმცა ყველა მათგანი მნიშვნელოვანი და საჭირო იყო“, – განაცხადა მან.

„არის სხვა სფეროები, სადაც მეტი პროგრესი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში უნივერსალური უფლებების დასაცავად, მათ შორის კანონის წინაშე თანასწორობის გაძლიერება, ძირითადი შრომითი უფლებები, შეკრების და პრესის თავისუფლება და ოჯახური ძალადობის შემცირება“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

მისი თქმით, მომდევნო ორი წელიწადი, როდესაც საქართველო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას გეგმავს, მნიშვნელოვან შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, რათა უფრო დემოკრატიული და პლურალისტული ქვეყნის მშენებლობაში ჩაერთონ.

„მთავრობებს მარტო არ ძალუძთ ააშენოს ძლიერი დემოკრატია“, – განაცხადა მან, "სწორედ ხალხია, ვინც ირჩევს თავიანთი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ანგარიშვალდებულებს ხდის მათ საარჩევნო ყუთების მეშვეობით, რომლებიც საბოლოო ჯამში, იცავენ მათ თავისუფლებებს“. 

„ჩვენ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს ან პარტიას არ ვემხრობით მომავალ საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ და განვაგრძობთ მუშაობას ამ ქვეყნის ხალხთან ამ თავისუფლებების მისაღწევად“, – განაცხადა მან.

„წარმატება მოითხოვს საქართველოს თითოეული მოქალაქისგან, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა ან ეთნიკურობისა, რომ დაინტერესდნენ, მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო ცხოვრებაში“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა, "ვიმედოვნებ, რომ თქვენ ყველანი მიიღებთ მონაწილეობას მომავალ არჩევნებში და აქტიურ როლს ითამაშებთ სამოქალაქო ცხოვრებაში“.

 

Back to top button