ახალი ამბები

“როსპოტრებნადზორის” თქმით, ბორჯომის მწარმოებლებთან მოლაპარაკებები შედგა

IDS Borjomi International –ის აღმასრულებელი დირექტორი 6 სექტემბერს რუსეთის მომხმარებელთან უფლებების დაცვის სააგენტოს, “როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლებს შეხვდა, რათა განეხილათ ქართული მინერალური წყლის – "ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობები.

“როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა თავის პრესრელიზში, რომ კომპანიამ უნდა წარმოადგინოს "ტექნიკური დოკუმენტები გამოშვებული პროდუქციის წარმოების და უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფის“ დასადასტურებლად, რის შემდეგაც რუსი ექსპერტები განახორციელებენ "ბორჯომის“ ნიმუშების "ინსპექტირებას“ და შემდეგ უკვე სააგენტო განიხილავს "პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვების შესაძლებლობას“.

IDS Borjomi International, რომლის მფლობელიცაა საინვესტიციო ფირმა Salford Capital Partners Inc.,  აერთიანებს იმ საწარმოებს, რომლებიც მინერალურ წყლებს ასხამენ რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში.

IDS Borjomi Georgia, რომელიც ადრე ცნობილი იყო ”მინისა და მინერალური წყლების კომპანიის” (GG&MW) სახელით, ამ ჯგუფის ფილიალია საქართველოში, რომელსაც ეკუთვნის ‘ბორჯომის’ სამარკო ნიშანი და ამ მინერალური წყლის წარმოების  ექსკლუზიური უფლება; საქართველოს მთავრობამ ამ კომპანიას „ბორჯომის“ მინერალური წყლების საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 2009 წელს 25 წლის გაუხანგრძლივა.

კომპანიის ცნობით, ამჟამად „ბორჯომის“ ექსპორტი 30–ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

რუსეთმა ქართული მინერალური წყლების იმპორტი, ღვინოსა და ღვინო პროდუქტებთან ერთად, მომხმარებელთა უსაფრთხოების მიტივით 2006 წელს აკრძალა.

რუსეთის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსი ექსპერტები მზად არიან ქართული პროდუქციის ხარისხი შეამოწმონ იმპორტის განახლების შესაძლებლობის განხილვის მიზნით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსკოვის ამგვარი ბოლოდროინდელი განცხადებები რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების პირობებზე შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსთან მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება. ემბარგოს თემა, ქართული მხარის განცხადებით, მოლაპარაკებების საგანს არ წარმოადგენს, რადგან რუსეთს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ამ პოლიტიკურად მოტივირებული სანქციის მოხსნა, თუ ის ვმო–ს წევრი გახდება.

 

Back to top button