ახალი ამბები

სახალხო დამცველი დევნილთა ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს, რომ არ მოხდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან გამოყვანა, ვიდრე მათთან წერილობითი შეთანხმება არ გაფორმდება.

მომავალ კვირას კომპაქტურად ჩასახლების სტატუსის მქონე თბილისის ორი ობიექტიდან – 15 აგვისტოს სასტუმრო „აფხაზეთიდან“, ხოლო 18 აგვისტოს ,,კურორტოლოგიის ინსტიტუტიდან“ დევნილთა გამოსახლება იგეგმება. სახალხო დამცველი ინფორმაციით, ორივე ამ შენობას ჰყავს ინვესტორი.

ბოლო რამდენიმე დღეა სასტუმრო „აფხაზეთში“ 90–იანი წლების დასაწყისიდან მცხოვრები ცხინვალის რეგიონიდან დევნილები აქტიურ საპროტესტო კამპანიას მართავენ მათი გამოსახლების წინააღმდეგ. აქციებში ასევე მონაწილეობენ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც

სახალხო დამცველის ინფორმაციით, „აფხაზეთში“ მცხოვრებ დევნილებს რუსთავში მშენებარე კორპუსში განსახლება შესთავაზეს, რომლის დასრულებამდეც მათ ბინის ქირის ანაზღაურებას პირდებიან; ხოლო, მათ, ვისაც ეს შემოთავაზება არ აკმაყოფილებს, ხელისუფლება 10 ათასი დოლარის ოდენობის თანხას სთავაზობს.  „კურორტოლოგიის ინსტიტუტში“ მცხოვრებმა დევნილებმა ვაზისუბანში ყოფილი ბაგა–ბაღის შენობაში შესახლების შეთავაზება მიიღეს. 

“ამ ეტაპზე დევნილთა ნაწილი არ არის თანახმა ამ შეთავაზებაზე,“– აცხადებს სახალხო დამცველი, რომლის აპარატიც ამ პროცესს მონიტორინგს უწევს.

გიორგი ტუღუში მოუწოდებს სუბელიანის უწყებას „გაითვალისწინოს და დაიცვას დევნილთა ინტერესები შეთავაზებებისა და საკომპენსაციო თანხების ადეკვატურობასთან მიმართებაში“ და ხელი შეუწყოს დევნილებთან შეთანხმების მიღწევას.

„მანამ, სანამ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით არ იქნება დადებული დევნილებთან წერილობითი შეთანხმება/გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები, არ მოხდეს დევნილთა გამოყვანა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

რამდენიმე დღის წინ ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლის წარმომადგენლებმაც დევნილების სახელით შესაბამისი სარჩელით სასამართლოს მიმართეს და საქმის განხილვამდე გამოსახლების პროცესის შეჩერება მოითხოვეს.

საქართველოს კანონმდებლობით, კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან დევნილების გამოსახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მათთან იდება წერილობითი შეთანხმება ან გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ უარესდება მათი საყოფაცხოვრებო პირობები.

 

Back to top button