ახალი ამბები

მთავრობა საერთაშორისო ბირჟებზე სახელმწიფო კომპანიების სააქციო პაკეტების განთავსებას გეგმავს

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სახელმწიფო კომპანიებს საშუალებას მისცემს სააქციო პაკეტები საერთაშორისო ბირჟებზე  განათავსონ.

“აქამდე ამის შესაძლებლობას დღევანდელი რეგულაცია არ გვაძლევდა. ლონდონის და ვარშავის ბირჟებზე 15-20-25%-ის აქციების განთავსების შესაძლებლობა გვინდა განვიხილოთ ისეთ კომპანიებში, როგორიც არის რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ელექტროსისტემა და სხვა სახელმწიფო კომპანიები“, – განაცხადა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

“ეს საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში დიდი რაოდენობის ახალი კაპიტალი მოვიზიდოთ, დიდი რაოდენობის ინვესტიციები შემოვიტანოთ“, – აღნიშნა მან.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საერთაშორისო ბირჟებზე სიტუაცია „სახარბიელო“ არ არის და „სხვა ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი დაისვა“, საქართველოსადმი ნდობა არათუ შემცირებული, არამედ „გაზრდილია“.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომლის აქციების განთავსებაც იგეგმება, ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს მართავს, რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს. თებერვალში მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ გაზსადენის საკონტოლო პაკეტის გაყიდვას, თუმცა კორპორაციის აქციების 25%–ის საერთაშორისო ბირჟაზე პირველადი განთავსება (IPO) ჯერ კიდევ ერთი წლის წინ არ გამორიცხა, ისევე როგორც დასაშვებად მიიჩნია თბილისის ელექტროგამანაწილებელ კომპანიაში „თელასში“ სახელმწიფო კუთვნილებაში დარჩენილი 25% აქციების საფონდო ბირჟებზე განთავსება. „თელასის“ აქციების 75%–ს რუსული სახელმწიფო კომპანია ”ინტერ რაო” ფლობს.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ამ კომპანიამ შარშან ივლისში საფინანსო ბაზრებზე 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები ხუთწლიანი ვადით განათავსა.

 

Back to top button