ახალი ამბები

სატელევიზიო ანძის მმართველი კომპანია „გოლდენ კომი“ გახდა

კომპანია „გოლდენ კომი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატელევიზიო ანძას ოთხი წლის განმავლობაში მართავს.

შპს “გოლდენ კომი“, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, ერთი კვირით ადრე, ვიდრე სატელევიზიო ანძის მართვის უფლების მოსაპოვებლად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდებოდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღმაშენებლის ხეივანის, მე-5 კმ–ის იურიდიულ მისამართზე განთავსებული „გოლდენ კომის“ დირექტორი და 100%–იანი წილის მფლობელი ვასილ ბოლაშვილია. 

რეესტრის მონაცემებით, ეს პიროვნება მანამდე ასევე რეგისტრირებული იყო, როგორც ინდივიდუალური მეწარმე. ვასილ ბოლაშვილი იძებნება იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომლებმაც ნაციონალურ მოძრაობას 2010 წელს ფულადი შემოწირულობა გადასცეს.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ, რომელმაც მართვის უფლება 110 ათას ლარად მოიპოვა, აქამდე ანძის მფლობელ შპს ”ალფა-კომს” (ყოფილი ”საქართველოს ტელერადიოცენტრი”) პროფილი უნდა შეუნარჩუნოს და 12 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

„მოხდება ანძის ტექნიკური გადაიარაღება და დაინერგება დღეს არარსებული ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისები და გაუმჯობესდება არსებული“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს 1 აგვისტოთი დათარიღებულ განცხადებაში.

“აუქციონის შედეგად თბილისის სატელევიზიო ანძა არ გაყიდულა“, – აცხადებს სამინისტრო.

სატელევიზიო ანძა 2007 წლამდე იმ სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შედიოდა, რომლის გაყიდვაც აკრძალული იყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს ”ალფა-კომის” დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარს, ხოლო კრედიტორული  2 917 158,59 ლარს შეადგენს.

შპს ”ალფა-კომი” თბილისის სატელევიზიო ანძასთან ერთად, ექსპლოატაციას უწევს 35 სხვა მცირე ზომის ანძებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომპანია ემსახურება 30-ზე მეტ რადიო და 16 ტელეკომპანიას.

მედია აქტივისტების და ჟურნალისტების ჯგუფმა, რომელთაც რამოდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსიც შეუერთდა, რამოდენიმე აქცია გამართეს პროცესის გამჭირვალობის მოთხოვნით.

 

Back to top button